18 იანვრის საღამოს ჰაკერებმა ირანის სამთავრობო მაუწყებლის, ირანის ისლამური რესპუბლიკის მაუწყებლობის (IRIB) ზოგიერთი ტელეარხის ეთერში აქციების კადრები, პროტესტის გაგრძელებისკენ მოწოდებები, მსოფლიო ლიდერების მხრიდან დემონსტრაციების მხარდამჭერი განცხადებები და ოპოზიციური ფიგურის, პრინც რეზა ფეჰლევის მიმართვა გაუშვეს.
ამის შესახებ ინფორმაციასა და კადრებს ფეჰლევის პრესსამსახური ავრცელებს. ამასთან, ირანულ მედიაში გავრცელდა ირანში მცხოვრებთა მიერ გადაღებული კადრებიც.
ვებგვერდი Iran International-ის მიხედვით, ფეჰლევი აქციის მონაწილეებს პროტესტის გაგრძელებისკენ, ხოლო ირანის რეჟიმის უსაფრთხოების ძალებს აქციის მხარეს გადასვლისკენ მოუწოდებდა.
ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის, KAN News-ის ცნობით, ირანის სახელმწიფო ტელეარხების ეთერში ჩანაწერი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გადიოდა.
ამჟამად ირანში აქციების ფონზე ინტერნეტზე წვდომა შეზღუდულია.




