“სახლები ჩამოგვართვით, რომ ვეღარაფერი ჩავდოთ, როცა ფული გვჭირდება!” – ჩერგოლეიშვილი

კერძო საკუთრების უფლება გააუქმეთ, სახლები ჩამოგვართვით და სახელმწიფოს გადაეცით, რომ ვეღარაფერი ჩავდოთ, როცა ფული გვჭირდება!
ასე “დაგვიცავით” საკუთარი თავებისგან ბოლშევიკებო!
ილია ჭავჭავაძე კრედიტზე, ბანკზე, მოვალის ვალდებულებებზე, ფულის ბაზარზე… რა გასაკვირია, რომ “ემპათიურებმა” მოკლეს.
„აქ ამბობენ მამულები ნუღარ გაიყიდებაო… სურვილი კარგია, მაგრამ არა გამოდის რა მარტო სურვილისგან. ვინ ამბობს, კარგი იქნებოდა, რომ ბანკმა ფული გვასესხოს და უკან აღარ მოგვთხოვოს ხოლმე (იცინიან). უფრო უკეთესი იქნებოდა, რომ ბანკმა ყველას უხვად მოგვაყაროს ფული, ოქროთი აგვავსოს, თუნდა არ ვთხოვდეთ კიდეც, მაგრამ ჩემდა და თქვენდა სამწუხაროდ მაგისთანა ბანკები შეუძლებელია (ხანგრძლივი ტაშისცემაა).“ “ბანკი თავადაზნაურობამ დააწესა იმ განზრახვით, რომ მისგან შეწირული ფული სესხად მოეფინოს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ისე მოეფინოს, რომ მაგ ფულს ერთი გროშიც არ დაეკარგოს, სესხმა ფული ასარგებლოს, ფულმა ფული მოიგოს და მხოლოდ ამ მოგებიდან უფრო ბევრი წილი ჩვენი ქვეყნის საერთო საჭიროებას მოხმარდეს და ზოგი კიდევ ღარიბთაც გაუნაწილდეს, იმ ღარიბთა, რომლებიც რომელიმე უბედურების გამო სიღარიბეში ჩაცვივნულან და არა იმათ, ვინც გულაღმა წვანან, გულზე ფაფუკი ხელები დაუკრეფიათ, პირი დაუღიათ და ჰყვირიან, მასვით და მაჭამეთო.“ “კრედიტი ეკონომიურის თვალით გასინჯული, ერთი იმისთანა გამოსადეგი ღონეთაგანია, რომლის შემწეობითაც გროვდება გაფანტული და უქმი კაპიტალი საზოგადოებისა და ერთის ხელიდან მეორეში გადადის წარმოების გასაძლიერებლად.“ “კრედიტი ორი პირი მახვილია (…) თუ კაცი კრედიტს წარმოების გასაძლიერებლად არ მოიხმარს, იგი კაცის დამღუპველია, ის კრედიტი კი, რომელიც იხმარება წარმოების გასაძლიერებლად, ერთი იმისთანა წყაროა საზოგადო სიმდიდრისა, ურომლისოდაც კეთილდღეობა საზოგადოებისა ძნელად იგულისხმება.“ “თუ რა ეშველება გაიაფებას, ამ მხრივ უნდა ეშველოს, სხვა ყოველი უქმი ნატვრაა და უქმადაც ჩაივლის კიდეცა, თუ ერთობ ფულის ბაზარმა არ გააიაფა საზოგადო კრედიტი. ფულის ბაზარი კი ამ შემთხვევაში საერთო ეკონომიკურის მდინარეობის კანონებს ექვემდებარება და ამ კანონებზე ბანკს ხელი არ მიუწვდება არასგზით, მარტო თავისი ნებით სარგებელს ვერ დასწევს და ვერც ასწევს.“
“ჩვენი უბედურება ის არის, რომ სესხით სარგებლობა არ ვიცით. ბანკმა ყველა ჩვენგანი უნდა შეაჩვიოს ვალის პირნათლად გადახდას, როცა მოვალე ვალს არ უხდის, პირიქით ეტანება კიდეც, ამისთანა მოვალესთან გულჩვილობის გამოჩენა სწორედ გულქვაობა იქნება…კარგად ვიცი, რომ ბევრი ათასს ბრალს დამდებს ამ გულქვაობისთვის, მაგრამ მე ასეთი ბრალისა არ მეშინიან, როგორც იმ ექიმს, რომელიც ავადმყოფს არჩენს…“

ასევე დაგაინტერესებთ