ჟურნალისტი დავით ნიკურაძე:
პროპაგანდის და მოსახლეობისთვის ტვინის გამორეცხვის შესახებ.
წლების წინ, სამხრეთ ოსეთში, ეუთოს დახმარებით დოკუმენტურ ფილმზე ვმუშაობდი. ეს იყო პირველი (და მგონი უკანასკნელი) პრეცენდენტი, როდესაც სეპარატისტულმა რეჟიმმა ცხინვალში სამუშაოდ ქართული მედიის გადამღები ჯგუფი დაუშვა. შეთანხმება იყო, რომ ფილმზე ქართველ და ოს ჟურნალისტს ერთობლივად უნდა გვემუშავა. თბილისიდან ვიქნებოდი მე, ცხინვალიდან კი ჩემი ახალგაზრდა კოლეგა – ბატიკი. სამუშაო ძალიან ბევრი იყო, როგორც ფილდზე (ყველა სოფელი უნდა შემოგვევლო), ასევე უნდა ჩაგვეწერა ინტერვიუები ეუთოს ხელმძღვანელებთან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატში და სხვა ოფისებში. რა თქმა უნდა, ფილმი თითქმის მთლიანად ჩვენ გავაკეთეთ, რადგან ბატიკს ამ ყველაფრის გამოცდილება არ ჰქონდა. ძალიან ახალგაზრდა იყო. სულ რაღაც 20 წლის.
გვყავდა ბრიტანელი პროდიუსერი, ქართველი და ოსი ოპერატორები, მძღოლები და ერთი პიროვნება – ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენელი ქალბატონი, რომელიც ამ პროცესს აკვირდებოდა. ფილმი პოლიტიკური არ იყო. მხოლოდ ეუთოს სარეაბილიტაციო პროგრამებს ეხებოდა, თუმცა ცხინვალი საჭიროდ თვლიდა, ამ პროცესს მისი წარმომადგენელი მაინც დაკვირვებოდა.
ფილმზე მუშაობის დაწყებამდე საერთოდ არ გქონდა ერთმანეთთან კომუნიკაცია. უფრო სწორედ, მათ არ ჰქონდათ კომუნიკაციის სურვილი, თორემ ჩემთვის ოსებთან მუშაობა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. ეუთომ ცხინვალში რამდენიმე მოსამზადებელი შეხვედრა ჩაგვიტარა იმისთვის, რომ დავმეგობრებულიყავით. ძალიან რთული პროცესი იყო. პირველი ყინული მაშინ დაიძრა, როდესაც შესვენებაზე გასულები ვიყავით და ცხინვალელმა ოპერატორმა (რომელიც სულ ჩუმად იყო), ქართულად მოგვმართა და სიგარეტი გვთხოვა. მოკლედ, გავიდა დღეები და დავახლოვდით. ცხინვალელი ოპერატორი, თუ ჩვენთან მარტო რჩებოდა, ქართულად გვესაუბრებოდა. დანარჩენები, მათ შორის 20 წლის ბატიკი რუსულად.
მთელი თვე ვიმუშავეთ და მართლა დავახლოვდით. ბატიკმა კაფეშიც კი დამპატიჟა. ერთი პატარა ოთახი იყო, რომელშიც იაფფასიანი მუშამბებით გადაფარებული რამდენიმე მაგიდა იდგა. ვიღაცის სამზარეულოს უფრო ჰგავდა, ვიდრე კაფეს. ბატიკი გამუდმებით მისვამდა შეკითხვებს:
– თქვენ გაქვთ ასეთი კაფეები?
– საქართველოში ელექტროენერგია არის?
– ნორმალური გზები გაქვთ?
– ეგ შენი ტელეფონი თუ MTC-ის არ არის, აბა ვინ ამუშავებს?
– თქვენთან ქუჩაში მართლა ხოცავენ ადამიანებს?
– ჩვენ ვეზიზღებით და მოგვკლავენ?
ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა, ინსტიტუტები გაიმართა, ბათუმი და სიღნაღი აშენდა, უამრავი ტურისტი ჩამოდის და თბილისში ცხოვრება გუგუნებს.
ბატიკს, რომელიც ომის შემდგომი თაობაა და ჩაკეტილ სივრცეში გაიზარდა, ცხინვალის და გარშემო სოფლების გარდა არაფერი ჰქონდა ნანახი. რუსეთშიც არ იყო ნამყოფი. მათი რეჟიმის აღვირახსნილი პროპაგანდის ფონზე, მისი ეს შეკითხვები არ გამკვირვებია. მშვიდად ვპასუხობდი, რომ ეს ყველაფერი ტყუილია და თუ სურვილი აქვს, ვაჩვენებ.
გადაღებების დასრულების შემდეგ, ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენელს, რომელიც არაჩვეულებრივი, მეგობრული ადამიანი აღმოჩნდა და ბოლო სადილის დროს სულ გვეფერებოდა და გვეხუტებოდა, ვთხოვე, მოეცათ ნებართვა, ბატიკი რამდენიმე დღით თბილისში წამეყვანა. შემპირდა, საჭირო ხალხს დაველაპარაკებიო. მეორე დღეს უხერხულად, ენის ბორძიკით მიპასუხა: სამწუხაროდ, ეს შეუძლებელი იქნება. შენ მის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფო.
მას შემდეგ ხშრად ვფიქრობ ბატიკზე. მშვენიერ ახალგაზრდაზე, რომელიც ქვაბში გაიზარდა, პროპაგანდამ აბსოლუტურად განსხვავებული აზროვნება და მცდარი შეხედულებები ჩამოუყალიბა და არც იმის საშუალება მისცა, იქვე, საოკუპაციო ხაზს მიღმა, სულ რამდენიმე კილომეტრით დაშორებული ხალხის და ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მიეღო. მით უმეტეს, ჟურნალისტს.
დღეს ბევრი აზიარებს ვიღაც არარაობა აბაშიშვილის და იმედის პროპაგანდისტული სიუჟეტის ვიდეოს, რომელშიც ფასების ზრდას ოპოზიციას აბრალებენ. კომენტარებში იცინიან, ნუთუ ქოცებს საკუთარი ამომრჩევლები ასეთი დებილები ჰგონიათო.
საერთოდ არ არის ეს ამბავი სასაცილო. როგორც ჩანს, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გაგვიგია, როგორ მუშაობს პროპაგანდა მასების ტვინების გამოსარეცხად. პროპაგანდა არ არის ერთჯერადი აქტი. ის ხანგრძლივი, სისტემური და ფსიქოლოგიურად გათვლილი პროცესია და იმედის ეს სიუჟეტიც ამ რთული, ხანგრძლივი პროცესის ერთი პატარა აგური.
ივანიშვილის მიერ თავისუფალი მედიის თანდათან, მიზანმიმართულად მოხრჩობა, რომელიც მოსვლის დღიდან დაიწყო, ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია. ჯერ კიდევ როდის წუწუნებდა ხალხი იმაზე, რომ საქართველოს არც ერთი ქალაქის სასტუმროში, ტელევიზორი ოპოზიციურ არხებს არ უჩვენებდა და მხოლოდ იმედი იყო ჩართული. პროპაგანდის საფუძველი სწორედ ალტერნატიული ინფორმაციის შეზღუდვაა – ტელევიზიების, ონლაინმედიის, სოციალური ქსელების კონტროლი, განსხვავებული აზრის „მტრულად“ გამოცხადება, დამოუკიდებელი ჟურნალისტების დისკრედიტაცია, „აგენტებად“, „მოღალატეებად“, “უსამშობლოებად” შერაცხვა.
როდესაც ადამიანი მხოლოდ ერთი მხრიდან მოწოდებულ ინფორმაციას იღებს, ის მისთვის ნელ-ნელა, დროთა განმავლობაში, რეალობად აღიქმება. პროპაგანდამ უნდა გაიმეორეოს ერთი და იგივე მესიჯები. მარტივად, პრიმიტიულად გადმოსცეს სათქმელი. დააჯეროს ხალხს, რომ ომი და ნგრევა გარდაუვალია, თუ ამ პროპაგანდის ავტორები ხელისუფლებაში არ იქნებიან. უნდა დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ თუ არა ბიძინას მონდომება, ქვეყანა ახლა ცეცხლის ალში იქნებოდა გახვეული. ამ პროპაგანდით, საბოლოო შედეგი აუცილებლად მიიღწევა. მასებს დააჯერებ ისეთ სისულელესაც კი, რომ ფასებს ქვეყანაში ოპოზიცია ზრდის. დააჯერებ, რომ ყოფილი პირველი ლედი (ევროპელი) ორგანოებს ყიდდა, ევროპა კაცებს გაათხოვებს, ბავშვებს გარყვნის და ევროკავშირი სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს მტერი, რომელსაც მისი ომით დანგრევა სურს. გაიარეთ ქუჩებში, დაელაპარაკეთ ხალხს და მიხვდებით, რამდენად ღრმად არის წასული ამ 13 წელიწადში ქოცების პროპაგანდის მეტასტაზები.
ჩვენ გვეცინება, მაგრამ საერთოდ არ არის სასაცილო, როდესაც ჩრდილოეთ კორეაში მორიგი კიმის გარდაცვალების დროს, ხალხი ქუჩებში ტირის, ღრიალებს და თავს მიწას ურტყამს. შეიძლება ერთი ან ორი ადამიანი ამას პირადი ანგარიშსწორების შიშით აკეთებდეს, მაგრამ დანარჩენისთვის შიში უფრო მასშტაბურია. ხალხი პანიკაშია, რომ ქვეყნის მთავარი გადამრჩენელი მოკვდა და ახლა მათი დაუცველი სამშობლო დაღუპვის პირასაა.
წლების წინ, ჩრდილოეთ კორეამ ქვეყანაში დასავლელი ოფთალმოლოგები შეუშვა, რომლებმაც ფარულად, ექიმის საფარქვეშ შეიყვანეს “ნეშნალ ჯიოგრაფიკის” ჟურნალისტი. კატარაქტის ოპერაციები გაუკეთეს ხალხს. ბოლო დღეს, სახვევის მოხსნის მომენტი დრამატული იყო. პაციენტები ექიმებს კი არ უხდიდნენ მადლობას, ისინი მიდიოდნენ ოთახში დაკიდებულ კიმ ჩენ ირის დიდ სურათთან, იჩოქებდნენ და ღრიალით, ცრემლის ღვრით უხდიდნენ მადლობას მხედველობის დაბრუნებისთვის. ამასთან, პირობას დებდნენ, რომ ახლა აიღებდნენ ხელში ირაღს და ახელილი თვალებით გაანადგურებდნენ ჩრდილოეთ კორეის დასავლელ მტრებს.
ფილმის ავტორი კითხულობდა: იყო ეს შიშის ფაქტორი თუ მართლა სწამდათ, რასაც ამბობდნენ. ბოლოს ფილმის ავტორმა თავადვე დაასკვნა, რომ წლების განმავლობაში პროპაგანდამ და გაუთავებელ შიშში ცხოვრებამ, თავის მიზანს მიაღწია და ახლა ეს საცოდავი პაციენტები გულწრფელები არიან. პირადი ანგარიშსწორების, ქვეყნის განადგურების, ომის და ნგრევის შიში, საბოლოოდ რწმენაში გადავიდა. მათთვის ახლა კიმი, მათი სიცოცხლის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების გარანტი და დასავლეთის, როგორც მტრის, ნგრევის და სიკვდილის შემაკავებელია. ერთი წუთით არ დაუშვიათ, რომ მხედველობა სწორედ “მტრებმა” დაუბრუნეს.
რატომ ფიქრობთ, რომ ქართველებს ამ ყველაფერზე იმუნიტეტი აქვთ? ან რატომ ვფიქრობთ, რომ კორეელებზე ჭკვიანები ვართ და ჩვენ არაფერი შეგვეხება? 1945 წლის აგვისტოში გაიყო კორეა ორ ნაწილად 38-ე პარალელზე და ისტორიის ამ მოკლე პერიოდში ერთი ერისგან ორი, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული საზოგადოება დაიბადა. სამხრეთით საღი, ტექნოლოგიურად განვითარებული, დემოკრატი ხალხი და ჩრდილოეთით დაბეჩავებული, გასაცოდავებული, მოუვლელი, სიბნელეში დარჩენილი და პროპაგანდით ტვინგამორეცხილი. კრიტიკულ კი არა, ჩვეულებრივ აზროვნებას მოკლებული, რომელიც მაღაზიის თაროზე გამოჩენილ ტუალეტის ქაღალდს კიმების დინასტიის დამსახურებად მიიჩნევს. (სუპი მაქ სუპსა ვჭაამ).
მსგავს პროცესს ვხედავთ ახლა საქართველოში. კარგად თუ გავახელთ თვალს, დავინახავთ, რომ საქართველოს რუს მმართველებს ზედმიწევნით აქვთ გადმოღებული მეთოდები, კარგად აპრობირებული და უკვე გაცვეთილი პროპაგანდის სახელმძღვანელოდან:
ბელადის კულტი და ავტორიტეტი (ბიძინამ ამდენი ფული იშოვა და რა თქმა უნდა, ჭკვიანია. ბატონი ბიძინა გვყავდეს კარგად და გადავრჩებით. ის ბრძენი კაცი… ყვერებში ენაცვალოს ყველა ბიძინას… ღმერთია, აბა რა არის, ჩემთვის ღმერთია…)
შათირიშვილის, ფუცანა გია აბაშიძის და აბაშიშვლის მსგავსი “ავტორიტეტებისთვის” (ფსევდოექსპერტებისთვის) ეთერების დათმობა.
რელიგიური “ავტორიტეტების” გამოყენება. (დაანებეთ საპატრიარქოს შხამიან განცხადებებს თავი. უბრალოდ, ჩაბრძანდით რაიონებში და მოისმინეთ მამაოებს ქადაგებები მრევლთან).
ეროვნული მაუწყებლების აბსოლუტური კონტროლი. პროფესიონალი ჟურნალისტების გაყრა და ყველაფერზე წამსვლელი, საკუთარ თავში დაურწმუნებელი, არაპროფესიონალი, სუსტი კადრების დატოვება, რომლებსაც ყველაფერზე წაიყვან და ყველაფერს ათქმევინებ. მათ შორის ამუშავებ შერჩევით ფაქტებზე, გაამეორებინებ დამახინჯებულ, კონსტექტიდან ამოგლეჯილ ციტატებს, რეპორტაჟებს გააკეთებინებ მანიპულაციის გზით მიღებულ სტატისტიკაზე (“საქართველო ყველაზე წარმატებულ ოცდაათ ქვეყანას შორისაა” და არა ოცდამეათე ადგილზე).
გაასაღებ დღეს არსებულ ქვეყნის იზოლაციას ცრუ ნარატივით, რომ “საქართველოსი შურთ, რომ მსგავსი ქვეყანა არავის აქვს და დასავლეთს ამ ყველაფრის მიწასთან გასწორება სურს”. ფაქტს, რომ კორუფციის შემთხვევაზე ცივლიზებულ ქვეყნებს მყისიერი რეაქცია და პასუხისმგებლობა აქვთ და პოლიტიკოსს თანამდებობას ატოვებინებენ, გაასაღებ ნარატივით, რომ “იქ კორუფცია ყვავის და თავიანთ კორუმპირებულ თავებს მიხედონ, ჩვენ რა უნდა გვასწავლონ”.
გეცინებათ აბაშიშვილზე? სულ ტყუილად. მას ჰქონდა არჩევანი, ყოფილიყო ან ადამიანი ან რუსული პროპაგანდის ფსკერი და ეს მეორე აირჩია. მის მიერ მოწოდებულ ფაქტებს არავინ გადაამოწმებს. დიახ, 21-ე საუკუნეში შესაძლებელია იმის გადამოწმება, რომ ოპოზიცია ფასებთან არაფერ შუაშია, მაგრამ ვისთან უნდა გადაამოწმონ? “ხალხის მტრებთან”? “მოღალატეებთან”? “აკაცუკებთან”? “დასავლეთის მიერ დაფინანსებულ აგენტებთან”? სულაც რომ მოინდომოს ვინმემ გადამოწმება, ნებისმიერი ინფორმაციის ქვეშ დაფინანსებული ტროლების ჯარი დახვდება, რომელიც იქაც ჩაუტარებს ტვინის გამორეცხვას და სიყალბეს რეალობად შეასაღებს. ეს არის სისტემა, რომელიც ივანიშვილმა ააშენა და ააშენა იმ გარეწარი ადამიანების ხელით, დღეს რომ სიცილით აზიარებთ.
ამიტომ არ იცის დღეს პროპაგანდის მსხვერპლმა, რომ სხვა რეალობა არსებობს. ისევე როგორც საწყალმა ბატიკმა არ იცოდა, რომ ჩვენთან კაფეებია, ელექტროენერგია გვაქვს და ქუჩები სისხლით არ არის მორწყული.




