„ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დგას ქვეყანა ეკონომიკური სისტემის ფორმირების თვალსაზრისით,” – ამის შესახებ „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დამფუძნებელმა რამაზ გერლიანმა „ბიზნესპრესნიუსთან“ სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესზე საუბრისას განაცხადა.
„ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დგას ქვეყანა, ეკონომიკური სისტემის ფორმირების თვალსაზრისით. ერთის მხრივ გვაქვს დაახლოებით, 3 ტრილიონი დოლარის ეკვივალენტის ქონება, რომელიც სახელმწიფოს აქვს საკუთრებაში და მეორე მხრივ, წლიურად მაქსიმუმ 200-300 მილიონის პრივატიზების ტემპი. ამ ტემპებით ჩვენ კერძო საკუთრების ფორმირებას ვერ მოვახდენთ უამრავი წელი. ნახევარ საუკუნეზე მეტი დასჭირდება, რომ ეს წავიდეს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში, რომელსაც რაღაც ნიშანწყალი ექნება თავისუფალი ეკონომიკის. მანამდე, სულ ასეთ სირთულეებში ვიქნებით.
რაც ყველაზე მთავარია, საფონდო ბირჟის განვითარება და მისი ფორმირება, ჩვენთან ხელოვნურად არის გაჭიანურებული, შიდა უვიცობით თუ გარე არაკეთილმოსურნეების მხრიდან. ყოველი კაბინეტის ცვლილებისას იყო ხმამაღალი განცხადებები ამ პრივატიზებაზე. თუმცა, ეს არის მანკიერი კომუნისტური მიდგომა, ვხმაურობთ, თითქოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების თვალსაზრისით, სადღაც მიდის ჩვენი ეკონომიკა . თუმცა, არსადაც არ მიდის, ამაზე ხელია დადებული, მათ შორის, ალბათ, გარე დირექტივაც არის, რომ არცერთ შემთხვევაში პრივატიზების სწორად წარმართვა არ შეიძლება. არადა ერთადერთი სასწაულის მოხდენა ეკონომიკაში შეუძლია სახელმწიფო ქონების დროში სწრაფად და სწორად პრივატიზებას.
წარმოიდგინეთ, ეს 3 ტრილიონის ქონება ეკონომიკური ბრუნვიდან არის ამოვარდნილი, მაშინ როდესაც დაახლოებით, 300-400 მილიარდამდე ღირებულების ქონებაა კერძოთა ხელში კონცენტრირებული თავისი მატერიალური თუ არამატერიალური სახით, საბინაო მეურნეობის ჩათვლით. როდესაც მთლიან შიდა პროდუქტს ეს 300-400 მილიარდი გიქმნის, წარმოიდგინეთ, ტრილიონის ღირებულების ქონების კერძო ხელში გადასვლა, რა ეფექტს მოგვცემს ფისკალური და ეკონომიკური თვალსაზრისით. სამწუხაროდ, ასეთ მაკროეკონომიკურ დონეზე პრივატიზების პროცესს არ და ვერ უყურებენ, რაც შემდეგ უკვე ყველა ეკონომიკურ პრობლემაში იჩენს თავს”, – ამბობს რამაზ გერლიანი.
კითხვაზე, რა არის გამოსავალი? – რამაზ გერლიანი გპასუხობს, რომ სახელმწიფო ქონების ქვეყნის მოქალაქეებზე გადაცემა.
„ერთადერთი სწორი გამოსავალი არის, რომ სახელმწიფომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და ქვეყნის მოქალაქეებს სახელმწიფო საკუთრება გადასცეს, ეფექტიანობის და სამართლიანობის პრინციპით”, – ამბობს რამაზ გერლიანი.
ცნობისთვის, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2025 წელს პრივატიზაციის გეგმა 102%-ით შესრულდა. კერძოდ, უწყების განმარტებით, საპრივატიზებო საქმიანობის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში ჯამურად 217 236 571 ლარი ჩაირიცხა, მაშინ როდესაც წლიური გეგმა 213 მლნ ლარს შეადგენდა. ამასთან, 2025 წელს სააგენტომ 821 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც აუქციონის წესით 529 ობიექტი გაიყიდა.




