„BUSD თანდათან გაქრება“, – განაცხადა Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩანგპენგ ჟაომ Binance-ის ქსელის სტაბილური კოინის მომავალზე საუბრისას. ამის მიზეზია 2023 წლის თებერვალში ნიუ-იორკის ფინანსური სერვისების დეპარტამენტის (NYDFS) მოთხოვნა, Paxos-ს (ბლოკჩეინკომპანია, რომელიც BUSD-ის უშვებს) აღნიშნული სტაბილური კოინის გამოშვება („დამინტვა“) შეეწყვიტა. არარეგისტრირებული აქტივების გაყიდვის საფუძველზე NYDFS-მა Paxos-ის წინააღმდეგ გამოძიებაც დაიწყო.
Paxos-მა განაცხადა, რომ შეწყვიტა BUSD კოინის მიმართულებით თანამშრომლობა Binance-სთან, რომლის მიმართაც კითხვები აშშ-ის ქაღალდებისა და ბირჟების საკითხთა კომისიას (SEC) აქვს. კომისიამ 5 ივნისს Binance-ის, მისი შვილობილი კომპანიებისა და Binance-ის დირექტორის წინააღმდეგ 13 ბრალდება წააყენა. საპასუხოდ ბირჟამ აღნიშნული ბრალდებების მოხსნის მიზნით სასამართლოს მიმართა.
Binance-მა საკუთარი პლატფორმიდან უკვე ამოიღო BUSD-სა და სხვა ვალუტების სპოტ სავაჭრო წყვილები. ამასთან, კოინი ამოღებულია მომხმარებელთა უსაფრთხო აქტივების ფონდიდანაც (SAFU), სადაც BUSD ERC-20 TUSD-თა და BEP-20 USDT-ით ჩანაცვლდა. აღნიშნული ფონდი 2018 წლიდან არსებობს და მასში აქამდე Bitcoin, BNB და BUSD კრიპტოვალუტები შედიოდა.
BUSD ამერიკული დოლარით გამყარებული და მისი ეკვივალენტური სტაბილური კოინია, კურსით 1:1. მისი შეძენა კვლავ ხელმისაწვდომია, თუმცა Binance მომხმარებლებს მოუწოდებს, თავიანთი BUSD აქტივები სხვა ხელმისაწვდომ კრიპტოაქტივებში 2024 წლის თებერვლამდე გადაცვალონ.
მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, BUSD ვალუტის ამოღება Coinmania-ს პლატფორმიდანაც მოხდება. მომხმარებლებს, რომლებსაც Coinmania-ს საფულეში BUSD აქტივები აქვთ, შეუძლიათ 17 ნოემბრამდე გადაცვალონ ან გადარიცხონ სხვა საფულეში. მომხმარებლებს, რომლებსაც აღნიშნულ თარიღამდე ბალანსზე დარჩენილი ექნებათ BUSD აქტივი, ავტომატურად დაუკონვერტირდებათ იმავე ღირებულების USDT BEP20-ში.