18 იანვარს, ღამის საათებში, ესპანეთში ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავიდა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მატარებელს შეეჯახა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 39 ადამიანი დაიღუპა და 170-მდე დაშავდა.
ამ დროისთვის საავადმყოფოში 75 პირია გადაყვანილი, მათგან თხუთმეტი, მათ შორის, ოთხი ბავშვი, სერიოზულად არის დაშავებული. ინციდენტი კორდობის პროვინციის ადამუსის მუნიციპალიტეტში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მატარებელში ჯამში დაახლოებით 400 ადამიანი იყო, ძირითადად ესპანელები. Reuters-ის ცნობით, გაურკვეველია, რამდენი ტურისტი იმყოფებოდა ბორტზე.
El Pais-ის ინფორმაციით, მეორე მატარებელი შეჯახების მომენტში დაახლოებით 200 კმ/სთ-ის სიჩქარით გადაადგილდებოდა. უცნობია, რა სიჩქარით მოძრაობდა პირველი მატარებელი, როცა რელსებიდან მისი გადასვლა მოხდა.




