საქართველო „გენოციდი დაბადების ადგილის მიხედვით” – რუსეთის დუმაში საქართველოს ხელისუფლებას ბრალდება წაუყენეს

რამდენიმე კვირაა რუსეთის მოქალაქეების გარკვეულ კატეგორიას ქართველი მესაზღვრეები საქართველოში არ უშვებენ. ამის შესახებ რუსული მედია ღიად წერს და ვარაუდობს, რომ ეს, სხვა გარემოებებთან ერთად, შესაძლოა, ბოლო დროს „დამთბარი” საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მკვეთრად გაუარესების საფუძველი გახდეს.

საუბარია უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებზე, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს და რუსული პასპორტებით ცდილობენ საქართველოში შემოსვლას. რუსეთის სახელმწიფო დუმაში ამას უკვე უწოდეს „გენოციდი დაბადების ადგილის მიხედვით”.

ასეთი შემთხვევები განსაკუთრებით ხშირი იყო წანასაახალწლო დღეებში, როდესაც საქართველოს რუსეთიდან ტურისტების დიდი ნაკადი მოაწყდა. 30 დეკემბერს რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ ვოლოდაცკიმ განაცხადა, რომ ამ საკითხს ქართველ კოლეგებთან ერთად განიხილავდა, თუმცა ჯერჯერობით, არანაირი განხილვა ყოფილა.

„ყირიმში, დონბასსა და ნოვოროსიაში დაბადებული რუსეთის მოქალაქეების მიმართ, ქართველმა მესაზღვრეებმა საზღვარზე ე.წ. გენოციდი ჩაიდინეს. მიუხედავად იმისა, თუ როდის დაიბადა ადამიანი ან სად გადავიდა შემდგომში, მას აბრუნებენ. ეს ყველა პრინციპს არღვევს”, – განაცხადა ვოლოდაცკიმ.

მსგავსი შემთხვევები 2026 წელსაც გაგრძელდა და ეს ძირითადად, ყირიმის გარდა, შეეხებოდა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქის მცხოვრებლებს.

ერთი კონკრეტული შემთხვევა ლარსზე

რუსული მედია წერს ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე, რომელიც 15 იანვარს მოხდა. ტურისტული პორტალის, „ტურდომ.რუ”-ს ცნობით, მოსკოველმა ნატალიამ, რომლის პასპორტშიც დაბადების ადგილი „სევასტოპოლი (სსრკ)” იყო მითითებული, ახალი წლის დღესასწაულებზე საქართველოში გამგზავრება ვერ მოახერხა:

„მე საბჭოთა კავშირის დროს ყირიმში დავიბადე, მაგრამ ბავშვობაში წამოვედი. ყოველთვის მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობა მქონდა. ბოლო 30 წელია მოსკოვში ვცხოვრობ და სწორედ იქ ავიღე ჩემი პასპორტი, რომელშიც ჩემი დაბადების ადგილია მითითებული”.

ნატალიას თქმით, საქართველოში გამგზავრება იმიტომ გადაწყვიტა, რომ „ყველა მხრიდან ისმოდა სიგნალები, რომ ამ ქვეყანამ ბოლოს და ბოლოს რუსეთისკენ დაიწყო შემოტრიალება”

რაც შეეხება უშუალოდ ინციდენტს, შემთხვევა ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მოხდა. ნატალიას თქმით, ქართველმა მესაზღვრემ, მისი პასპორტის დათვალიერების შემდეგ მაშინვე ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მას სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი:

„თავიდან ვერც კი მივხვდი, რაზე საუბრობდა. ვუთხარი, რომ ჩემი შიდა რუსული პასპორტი მქონდა. მან მიპასუხა, რომ ეს ნამდვილად არ სჭირდებოდა. შემდეგ ვიღაცას დაურეკა და ქართულად დაიწყო საუბარი. მე მხოლოდ სიტყვა „სევასტოპოლი” გავიგე. ამის შემდეგ მან უარი განაცხადა შესვლაზე და შესაბამისი დოკუმენტებიც გასცა”, – აცხადებს ნატალია.

მისივე თქმით, როდესაც მესაზღვრეს ამ გადაწყვეტილების ახსნა სთხოვა, მისგან ასეთი პასუხი მიიღო:

  • „ამ პასპორტით შემოსვლას ვერ შეძლებთ. სევასტოპოლი ყირიმია, კი უკრაინაა”.

ნატალიას ისტორიას თან ერთვის ქართველი მესააზღვრეების მიერ გაცემული ოფიციალური ცნობა, სადაც საქართველოში შესვლაზე უარის მიზეზეია მითითებული: „არ არის წარმოდგენილი საქართველოში შემოსვლისთვის აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები”.

იქნება თუ არა გამწვავება

რუსული მედია უკვე წერს, რომ ეს და სხვა გარემოებები შესაძლოა ბოლო დროს შედარებით გაუმჯობესებული საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გამწვავების მიზეზი გახდეს. ამ სხვა გარემოებების კონტექსტში დასახელებულია 16 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის მიერ პროუკრაინულ საერთაშორისკო კონვენციაზე ხელის მოწერა, რომლის მიხედვითაც შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც უკრაინის მიერ რუსეთისგან კომპენსაციის მოთხოვნებს განიხილავს.

კონვენციას ასევე ხელი მოაწერეს ევროკავშირის ქვეყნებმა, მოლდოვამ და გაერთიანებულმა სამეფომ. თურქეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა თავი შეიკავეს.

ამავდროულად, საქართველომ გაამკაცრა რუსეთის მოქალაქეებისთვის შესვლის წესები. ყირიმში, აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და სხვა სადავო ტერიტორიებზე დაბადებულ რუსებს შეიძლება ქვეყანაში შესვლაზე უარი ეთქვათ, მაშინაც კი, თუ ისინი საბჭოთა ეპოქაში დაიბადნენ.

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება პრიმიტიული ქცევებით ცდილობს იმიდ დემონსტრირებას, რომ რუსეთის ოკუპაციასა და აგრესიას ებრძვის და ეს, სავარაუდოდ, რუსეთის ხელისუფლებასთანაა შეთანხმებული.

„ძალიან აბსურდული რაღაცაა, ისინი ცდილობენ ასეთი უაზრო და აბსურდული ქცევებით ახსნან, რომ „აი, ხომ ხედავთ ჩვენ არ ვართ პრორუსულები, ჩვენ რუსეთის განხორციელებულ ოკუპაციას ამ ფორმით ვებრძით”. ამ დროს კი ებრძვიან ადამიანის უფლებებს.

„ადამიანებს, რომლებიც დაიბადნენ დონბასში (ხშირად ასეა, რომ დონბასში დაბადებულებს არ უშვებენ), მათ არ ჰქონდათ არჩევანის საშუალება. მაშინ საბჭოთა კავშირიც იყო ხშირ შემთხვევაში. ასე რომ, მემგონი ეს არის სრულიად პრიმიტიული, აბსურდული მცდელობა, მისცენ თავიანთ ამომრჩეველს არგუმენტები, როგორ ებრძიან რუსულ აგრესიას და ოკუპაციას”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კითხვაზე, მოსალოდნელია, თუ ამის საფუძველზე ურთიეთობების გამწვავება და რუსეთის საპასუხო ნაბიჯები, იგი გვპასუხობს:

  • „აბსულუტურად არ არის მოსალოდნელი ურთიერთობების გამწვავება, პირიქით, რაღაცები რუსებს მოსწონთ და შეთანხმებულებიც იქნებიან. მათ სჭირდებათ თავიანთი ამომრჩევლის წინაშე ყოველთვის ჰქონდეთ გამზადებული ლეგენდა, რომ ისინი არ არიან პრორუსები.

ასეთი ლეგენდებით ისინი აწებებენ რაღაც სასაცილო თეორიას, რომ ისინი რუსებს ებრძვიან. ასე რომ, არანაირი გამწვავება მოსალოდნელი არ არის. რუსებს ვინც სურს რომ შემოვიდეს საქართველოში, ისინი, შემოვლენ აუცილებლად.

ბედნიერია, რუსეთისთვის მთავარია საქართველო ევროკავშირისკენ, ნატოსკენ არ მიდიოდეს, დანარჩენი ყველაფერი მისაღებია, თუმცა სულ რომ აგინონ, ლანძღონ პუტინი. რუსეთს სჭირდება მხოლოდ 3 რამ: საქართველო არ მიდიოდეს ევროკავშირში, საქართველო არ მიდიოდეს ნატოში, საქართველო არ მეგობრობდეს თურქეთთან უსაფრთხოების პროცესებში, როგორც აზერბაიჯანთან აკეთებს ამას. თუ ეს 3 ამოცანა, რუსეთის ინტერესიდან გამომდინარე, წესრიგშია, დანარჩენზე – სულ რომ ყოველდღე ლანძღონ – პრობლემა არ აქვთ”.

წყარო