20 წლის განმავლობაში, რიჩ ჰორვათი 250,000-ზე მეტ მენეჯერთან მუშაობდა, სტრატეგიული აზროვნების შესაძლებლობების გასაზიარებლად. ამ დროის მანძილზე, ის მიხვდა, რომ დიდი პოტენციალის მქონე ბევრი ხელმძღვანელი უსამართლოდ არის მიჩნეული „ტაქტიკურად“ და არა „სტრატეგიულად“, რაც აფერხებს მათ კარიერულ განვითარებას. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, იმის დადგენა, მენეჯერი ტაქტიკური უნარების მქონე იყო თუ სტრატეგიული, გახლდათ სუბიექტური ვარაუდი, რომელიც დაფუძნებულია სამუშაოს დასახელებაზე, ინსტინქტურ აზრზე და შერჩევით დაკვირვებებზე.
აღმასრულებელმა დირექტორებმა და ტალანტის მენეჯერებმა რიჩთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მათ სჭირდებათ კონკრეტული ქცევის რუკა, რათა დაეხმარონ მაღალი პოტენციალის მქონე თანამშრომლებს ტაქტიკურიდან სტრატეგიულზე გადასვლაში. ამ საგზაო რუკის შესაქმნელად, რიჩმა გამოკითხა 2586 მენეჯერი ჩრდილოეთ ამერიკიდან, ევროპიდან, აფრიკიდან და აზიიდან, რათა გაეცნო რეალურ სამყაროში არსებული გამოწვევები, რომლებსაც ისინი აწყდებიან თავიანთი სტრატეგიების შემუშავებისას, კომუნიკაციისას და შესრულებისას. ამ სტატიაში მიმოვიხილოთ ძირითადი ქცევა, რომელთა განვითარებაზეც შეუძლია იმუშაოს ნებისმიერს, ვისაც აქვს „ტაქტიკური და არა სტრატეგიული“ გამოხმაურება.
გამჭრიახობა თქვენი უნარია, აღიქვათ სიტუაცია, დააგენერიროთ ახალი იდეები, რათა გადახვიდეთ მიმდინარე მოცემულობიდან სასურველ მდგომარეობაში და გადაჭრათ გამოწვევები, ახალი ღირებულებების შესაქმნელად.
კონტექსტის გაცნობიერება თქვენს ხედვას მთლიანი სურათის შესახებ ამცნობს. თქვენი კომპანიის შიდა (კულტურა, მიზანი, პროცესები და ა.შ.) და გარე სიტუაციის (ბაზრის ტენდენციები, მომხმარებელთა ქცევა, კონკურენტული ლანდშაფტი და ა.შ.) აღქმა გეხმარებათ თქვენი მიზნების მიღწევაში.
ინოვაცია არის, როდესაც კონტექსტის გაცნობიერებას ახალი ღირებულების შესაქმნელად მიმართავთ.
თქვენი გამჭრიახობის შესაფასებლად, ჰკითხეთ საკუთარ თავს:
– რეგულარულად ვაფასებ ჩემი ბიზნესის ამჟამინდელ მდგომარეობას, როგორც შიდა, ასევე გარე პერსპექტივიდან?
– ვუზიარებ ჩემს გუნდს ღირებულ შეხედულებებს?
– პრობლემის გადაჭრისას, აპრობირებულ გზებს მივმართავ თუ ახალ მიდგომებს ვეძებ?
განაწილება ეხება დაგეგმვის უნარს. სტრატეგიულად მოაზროვნეები ადგენენ მიზნებს, ანაწილებენ რესურსებს, სწავლობენ რისკებსა და შესაძლებლობებს გადაწყვეტილების მიღებისას და ქმნიან უპირატესობას უმაღლესი ღირებულების შეთავაზებით. სად დებთ თქვენი რესურსების ინვესტიციას – რას უთმობთ თქვენს დროს, ნიჭსა და კაპიტალს – არის თქვენი ეფექტურობის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ის მოითხოვს შემდეგ კომპონენტებს:
რესურსების ფოკუსირების უნარი: რესურსები, როგორც წესი, სასრულია და დისციპლინის გარეშე, შეიძლება გავლენა ვერ იქონიოს თქვენი მიზნებისა და ამოცანების შესრულებაზე. სტრატეგიული მიდგომა გულისხმობს რესურსების ფოკუსირების უნარს, გამბედაობას, რომ უზრუნველყოთ რესურსების გამოყენება სტრატეგიული განზრახვის შესაბამისად.
გადაწყვეტილების მიღება: იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ განიხილონ საბაზისო დონის ვარიანტი, სტრატეგიული მოაზროვნეები ქმნიან სიცოცხლისუნარიან ალტერნატივებს. იმის გამო, რომ ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას უწევთ კომპრომისებზე წასვლა, ისინი აანალიზებენ თითოეული ალტერნატივის დადებით და უარყოფით მხარეებს, ასევე რისკის მისაღებ დონეს.
კონკურენტული უპირატესობა: სტრატეგიის ცენტრალური მიზანია სარგებლის შექმნა. კონკურენტული უპირატესობა იქმნება მაშინ, როდესაც საკუთარი რესურსებისა და აქტივობების კონფიგურაცია იწვევს კლიენტებისთვის კონკურენტებთან შედარებით მაღალი ღირებულების შექმნას. უპირატესობის მიღწევის შემდეგ, სტრატეგიული მოაზროვნეები აგრძელებენ მის გულმოდგინედ განვითარებას, რათა კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნონ.
მოქმედება
ბიზნესსტრატეგიის მომზადება მხოლოდ ერთი ნაბიჯია. როგორ განახორციელებთ ამ სტრატეგიას, განსაზღვრავს წარმატებას. ეს პროცესი მოითხოვს სხვებთან თანამშრომლობის უნარს, მიზნების მისაღწევად სტრატეგიების განხორციელებას და თქვენი პირადი ძალისხმევის ოპტიმიზაციას.
თანამშრომლობა არის თქვენი უნარი, იმუშაოთ სხვებთან ცოდნის, მონაცემებისა და შეხედულებების გაცვლაზე, რაც ხელს უწყობს თქვენს წინსვლას განსაზღვრული მიზნისკენ.
კომუნიკაციის უნარები – ვერბალური, ვიზუალური და წერილობითი – ფუნდამენტურია წარმატებული თანამშრომლობისთვის, ისევე როგორც განსჯის გარეშე მოსმენის უნარი, რადგან ის საშუალებას გაძლევთ ინტერაქცია წარმართოთ ღია გონებით, რომელიც აცნობიერებს ახალ და განსხვავებულ გზებს.
წყარო: HBR