წყალტუბოს სანატორიუმ „მედეაში“ 5 წელში 120-ნომრიანი სასტუმრო უნდა მოეწყოს – რა ვალდებულებები აქვს მფლობელ კომპანიას

რისი გაკეთება იგეგმება სანატორიუმ „მედეაში“ – ქონების ეროვნული სააგენტო ინფორმაციის მიხედვით, საინვესტიციო ვალდებულებების თანახმად სანატორიუმის მფლობელმა კომპანიამ არაუგვიანეს 60 თვის ვადაში უნდა მოაწყოს არანაკლებ 120-ნომრიანი სასტუმრო, რომელიც უნდა მოიცავდეს საკონფერენციო დარბაზებს, რესტორანს/რესტორნებს და ა.შ.. კომპანიას ევალება კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღება და სასტუმროს ფუნქციონირების დაწყება საერთაშორისო სასტუმროების ქსელის ოპერატორის/ბრენდის სახელით. ამასთან, კომპანიამ „მედეაში“ არანაკლებ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს.
სანატორიუმ „მედეას“ მფლობელი კომპანიაა „ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯია“, 100%-იან წილის მფლობელი ეგვიპტის მოქალაქე ხალედ მოჰამედ აბდელმონებ კანდილსია.
წყალტუბოს კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში, საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნეს სექტორს წყალტუბოს 14 ყოფილი სანატორიუმის საპრივატიზებო პაკეტი წარუდგინა, რომელთა ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს. დღეის მდგომარეობით უკვე პრივატიზებულია ყოფილი სანატორიუმები „თბილისი“, „მედეა“, „წყალტუბო“, „ივერია“, „სამგურალი“ და „უშიშროება“. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 31 257 300 ლარი შეადგინა. ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, დარჩენილი სანატორიუმების პრივატიზების პროცესი აქტიურად გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ