მთავრობის განკარგულებების 23% სახელმწიფო ქონების გადაცემას ან სახელმწიფოს წინაშე პირობების გადახედვას ეხებოდა – TI

„გასული წლის განკარგულებების 23% – 531-დან 122 – კონკრეტული პირებისთვის სახელმწიფო ქონების სხვადასხვა ფორმით გადაცემას ან მათ მიერ სახელმწიფოს წინაშე აღებული პირობების გადახედვას ეხებოდა, რაც კორუფციული რისკის შემცველია, ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს.
ამასთან, მათივე ცნობით, მთავრობამ არ გამოაქვეყნა 48-დან 4 სხდომის დღის წესრიგი. არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ დოკუმენტების მიღება შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზითაც.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ აცხადებენ, რომ უკვე 3 წელზე მეტია მთავრობა გადაწყვეტილებებს დახურულ რეჟიმში იღებს და ამ მიდგომით, მთავრობა არამხოლოდ ამცირებს მისდამი ნდობას, არამედ აჩენს ეჭვს, რომ მიზანი პრობლემური გადაწყვეტილებების დამალვა შეიძლება იყოს.
„გასული წლის განკარგულებების 23% – 531-დან 122 – კონკრეტული პირებისთვის სახელმწიფო ქონების სხვადასხვა ფორმით გადაცემას ან მათ მიერ სახელმწიფოს წინაშე აღებული პირობების გადახედვას ეხებოდა, რაც კორუფციული რისკის შემცველია. ამ რისკს ამყარებს სახელმწიფო ქონების სავარაუდო უკანონო გადაცემასთან დაკავშირებით გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ წარსულში გამოვლენილი შემთხვევების არსებობაც.
გარდა იმისა, რომ განკარგულებების გამოუქვეყნებლობით მთავრობა სხვა საჯარო დაწესებულებებს ცუდ მაგალითს აძლევს, ის ერთდროულად რამდენიმე სამართლებრივ აქტსაც არღვევს, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გარანტირებულ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლებას; ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის საქვეყნოობის პრინციპს, ამავე კოდექსის მესამე თავით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის დადგენილ წესებს; მთავრობის რეგლამენტს განკარგულებების მაქსიმუმ 3 დღეში ვებგვერდზე ატვირთვასთან დაკავშირებით; მთავრობის დადგენილებას, ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე.
მოვუწოდებთ, მთავრობის ადმინისტრაციას, უარი თქვას განკარგულებების დამალვის მავნე პრაქტიკაზე, შეასრულოს კანონის მოთხოვნა და გამოაქვეყნოს ყველა დოკუმენტი როგორც მის ოფიციალურ ვებგვერდზე, ისე საკანონმდებლო მაცნეზე, ასევე, დაიცვას საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა,” – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ