საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
ალბათ ნახავდით ხელისუფლების მიერ აგორებულ ანტიმოლდოვურ პროპაგანდას მაია სანდუს სიტყვების წინააღმდეგ, რომლითაც ის რუმინეთთან მიერთებას ემხრობოდა.
არავის მოატყუებინოთ თავი: მოლდოველი არის რუმინელი. მოლდოველი უდრის რუმინელს. ეს ხალხი ერთი ხალხია. ერთი ეთნოსია. ერთი ენაა. ერთი კულტურაა. ერთი ისტორიაა. დროშაც კი მსგავსი აქვთ ერთმანეთის. მოლდოვაში რუმინეთთან მიერთების საკითხი ბოლო 35 წელიწადია აქტიურად მიმდინარეობს და ნაწილობრივ სისხლიც ამის გამო დაიღვარა დნესტრისპირეთში.
რუმინეთს, ჯერ რუსეთის იმპერიამ წაართვა ისტორიული რუმინეთის ის ნაწილი, რომელსაც მოლდოვა-ბესარაბა ეწოდა და თავად მიიერთა. მაგრამ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ რუმინეთმა კვლავ აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა და მოლდოვა დააბრუნა თავის წიაღში.
მაგრამ დედასამშობლოში – რუმინეთში – დაბრუნებული მოლდოვას ხელახალი დაპყრობა საბჭოთა რუსეთმა 1940 წელს განახორციელა, ნაცისტებთან დადებული საიდუმლო ხელშეკრულების შემდეგ.
1991 წელს, საბჭოთა ტირანია რომ დასრულდა მოლდოვამ დედასამშობლოში – რუმინეთში – დაბრუნების სურვილი ხელახლა გამოთქვა, რის გამოც რუსეთმა ორი ნაღმი აამოქმედა: დნესტრისპირეთი და გაგაუზია. ახლაც, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი რუმინეთის მოქალაქეა (ორმაგი მოქალაქეობა აქვს) და იდენტობით მოლდოოველი რუმინელები არიან. მოლდოვას სახელმწიფო ენა რუმინულია. მხოლოდ რუმინული.
ახლა წარმოიდგინეთ, რუსეთს რომ საქართველო გაეყო და მისი პატარა ნაწილი წაეღო. რუსეთის ნგრევის შემდეგ საქართველოს ამ პატარა ნაწილს დედასამშობლოში ანუ დანარჩენ საქართველოში დაბრუნების ჰიპოთეტური ვერსია რომ განეხილა, ხომ ბუნებრივი იქნებოდა და არავის ეუცნაურებოდა ეს?! ამასობაში, ამ ფონზე, ვიღაცა გამოვარდნილიყო მოლდოვაში და პროპაგანდა აეგორებინა საქართველოს ამ პატარა ნაწილის წინააღმდეგ რატომ განიხილავს დედასამშობლოში დაბრუნებასო. ხომ გაგეცინებოდათ?! მე გამეცინებოდა. ჰოდა ეგრე სასაცილოდ გამოიყურება ქართული ოცნების პროპაგანდისტების კრიტიკა მაია სანდუსთან დაკავშირებით, რომელმაც ჰიპოთეტურად ეგზისტენციალური საფრთხეებისა და არჩევნის შემთხვევაში, ეთნო-კულტურულ და ენობრივ სამშობლოსთან გაერთიანების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
ეს არ ნიშნავს, რომ მოლდოვა რუმინეთს მიუერთდება – პირადად მე მეეჭვება, რადგან ქვეყნის ნაწილს პრო-რუსული ორიენტაცია აქვს და გაგაუზიაში ისევ ნაღმია ჩადებული – მაგრამ მოლდოვას ნამდვილად ჰყავს თავისი სისხლი ხორცი მეზობელი რუმინეთის სახით, რომელიც დღეს კიშინიოვს ერთგულად უდგას გვერდით და ამ თემაზე პროპაგანდა, უბრალოდ სირცხვილია, სერიოზულ გაუნათლებლობასთან ერთად.




