საქართველო ევროპელ ტურისტებს კარგავს – ოპოზიცია პასუხისმგებლობა “ოცნებას” აკისრებს

ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, 2025 წელს საქართველოში შემოსული ტურისტების ტოპ ათეულიდან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გაქრობა “ქართული ოცნების” გუნდის პოლიტიკის შედეგია.

“ლელო – ძლიერი საქართველოს” წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, დასავლელი ტურისტები საერთაშორისო მოხსენებებს ითვალისწინებენ, რომლის მიხედვითაც საქართველო უსაფრთხო ქვეყანა აღარ არის.

ქვეყანა უსაფრთხო აღარ არის, ამ ქვეყანაში აღარავის აღარ უნდა ჩამოსვლა იმიტომ, რომ ყველა საერთაშორისო მოხსენებით, რეპორტით, რომელსაც ყურადღებას აქცევს დასავლელი ტურისტი, იქნება ეს ჩრდილო-ამერიკელი, თუ ევროპელი ტურისტი,  ყველა ამ მაჩვენებლით ჩვენ ვხვდებით ცუდ რეპორტებში, შავ სიებში, წითელ და ნაცრისფერ ზონებში, რომ აქ არ არის უსაფრთხო თავისუფლად ადამიანის არსებობა. 

ის მოქალაქეები, რომლებიც ტურიზმში ჩართულები არიან და ასეთი ძალიან ბევრია, მათ ყველაზე კარგად იციან რა არის განსხვავება პოლონელ და რუს ტურისტს შორის, გერმანელ და რუს ტურისტს შორის,” – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა. 

კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი წევრის, დავით მჟავანაძის განმარტებით, დასავლელი ტურისტები აზიური სახელმწიფოებიდან შემოსულ ტურისტებთან შედარებით 5-6-ჯერ მეტს ხარჯავენ, რაც “თავისთავად ხარისხზეც აისახება”.

ფაქტი არის, რომ 2025 წელს უკვე არცერთი ევროკავშირის ქვეყანა აღარ არის ტოპ ათეულშიც კი, ვიზიტების რაოდენობის კუთხით, სამაგიეროდ, რა თქმა უნდა მთავარ ადგილს ისევ იკავებს , საიდანაც ყველაზე მეტი ტურისტი არის შემოსული. მხოლოდ ეს ტურისტიც, რა თქმა უნდა, არ არის ჩვეულებრივი ტურისტი, ვიცით, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო რუსეთიდან ძალიან ბევრი ადამიანი გადის და ერიდება ამ ომის მდგომარეობას, შესაბამისად ეს არის დროებითი ზრდა.

დასავლეთიდან შემოსული ტურისტი, ევროპიდან და ამერიკიდან ხარჯავს 5-ჯერ და 6-ჯერ მეტს, ვიდრე რუსეთიდან და სხვა აზიური სახელმწიფოებიდან შემოსული ტურისტი, რაც თავისთავად ხარისხზეც აისახება ჩვენთან ტურიზმის და ტურიზმის შემოსავლების,” – აღნიშნავს დავით მჟავანაძე. 

ფონდ “ჭავჭავაძის ცენტრის” დირექტორი, ნინო კალანდაძე აცხადებს, რომ დემოგრაფიული ცვლილება პირდაპირ კავშირშია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკასთან, რადგან მისი “პოლიტიკა პირდაპირ არის მიმართული ევროპული ბაზრების აღმოსავლური ბაზრებით ჩანაცვლებისკენ”.

დემოკრატიული უკუსვლა ყველა საღად მოაზროვნე საშუალო სტატისტიკური ევროპელისთვის ნიშნავს იმას, რომ იქ უარესდება პირობები, იქ უარესდება სოციალური, ეკონომიკური და უსაფრთხოების პირობები. შესაბამისად, რა თქმა უნდა ეს არის პირველი8 და განმსაზღვრელი ფაქტორი, რატომ ევროპული ტურიზმი ამ შემთხვევაში სენსიტიურია და შესაბამისად შემცირებას განიცდის. 

ასევე პირდაპირ კავშირშია ივანიშვილის პოლიტიკასთან დემოგრაფიული ცვლილება იმიტომ, რომ ივანიშვილის პოლიტიკა პირდაპირ არის მიმართული ევროპული ბაზრების აღმოსავლური ბაზრებით ჩანაცვლებისკენ,” – განაცხადა ნინო კალანდაძემ. 

პოლიტიკოსი საბა ბუაძის თქმით, ტურიზმის სექტორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში შემომავალი ტურისტების რაოდენობა გადანაწილებული იყოს სხვადასხვა ქვეყანაზე.

ტურიზმის სექტორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველოში შემომავალი ტურისტების რაოდენობა იყოს გადანაწილებული სხვადასხვა ქვეყანაზე, იყოს დივერსიფიცირებული საქართველოში ჩამოსული ტურისტების ნაკადები,” – თქვა საბა ბუაძემ.