“ჩემს შვილს ედავებიან აბსურდულ ბრალს. ჩემი შვილი დანაშაულის მომზადებაში ვერანაირ მონაწილეობას ვერ მიიღებდა. ეს არის გაკეთებული იმისთვის, რომ საქართველოს პროკურატურამ ის დაზარალებული ოჯახი დაამშვიდოს და დააწყნაროს. სახელმწიფო როგორც ჩანს აპირებს შექმნას ახალი, გიორგი ზერეკიძის ოჯახი, ამოწყვიტოს ჩემი ოჯახი, ჩემი უდანაშაულო შვილი გაწირონ და გაუშვან ციხეში. არ დაგასჯევინებთ უდანაშაულო შვილს. შეგაკვდებით, გენ.პროკურატურასთან მოვკვდები და დემეტრე ჩიქოვანს ჩაუდენელი დანაშაულისთვის ვერ დასჯით.
მეოთხე ტომი ნანახი მაქვს ქალბატონო ეკა. გვითხარით, რომელი გვამით ტკბებოდა ჩემი შვილი, რომელიც 1 ოქტომბერს სახლში იწვა სიცხიანი. თქვენ რომ გაჰყვეთ თქვენს მეგობარს, რომ გითხრათ, ვიღაც უნდა ვნახო სალაპარაკო მაქვს და იქ 3-4 დღეში რაღაც მოხდეს, თქვენ აპრიორში დამნაშავე ხართ?
თქვენ თუ შვილმკვდარი დედა ხართ, ჩემს შვილს უდანაშაულოს, ციხეში არ კლავს სახელმწიფო? საქართველოს პარლამენტს მივმართავ, თქვენი ხელდასმული ხომ არის გენპროკურორი, ორი ოჯახი, რომელიც ერთმანეთს უპირისპირდება აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, ცოდვილებო, მაშინ დაიბარეთ გენპროკურორი და შეეკითხეთ, როგორ აწარმოვა ეს ყველაფერი?
ის ქალი სამართალს გთხოვდათ, თქვენ უსამართლობას კი არ გთხოვდათ. თქვენ ხართ კორუმპირებული გენპროკურორი. თქვენ შეკვეთილი ბრალი დაწერეთ. მართალს გეუბნებათ თქვენ ის ქალბატონი, მარტო შარვალ-კოსტიუმია, რომ გაწკეპილმა იაროთ? არც ღმერთი გწამთ და არაფრის არ გეშინიათ?
მე ქალბატონ ეკას მივმართავ, გიგამ იცის, რომ დემეტრეს ერთი პროცენტი არ აქვს დანაშაული და თქვენ ამას როდისმე აუცილებლად გაიგებთ. მე მესმის, რომ გამწარებულია, მე მესმის, რომ შვილი ჰყავს მიწაში. არ დაიჯერებთ ამას, მაგრამ ჩვენ ვიგლოვეთ თქვენი შვილი. ჩვენ გვეტკინა თქვენი შვილი, გვესმის თქვენი გამწარება, მაგრამ თქვენ უდანაშაულო ბავშვის სიცოცხლე გინდათ ციხეში?
გამოვიდეს ვინმე და მითხრას, უდანაშაულო შვილს დათმობს? 10-15 წლით ციხისთვის დათმობს უდანაშაულო შვილს? დემეტრეს თავის ხელით ჩააბარებდა მამამისი, ერთი პროცენტი რომ მიუძღოდეს ბრალი” | აცხადებს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი დემეტრე ჩიქოვანის დედა, სოფო ძნელაძე TV პირველთან.




