გია ხუხაშვილი: ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომია, რაც არა ტერიტორიულ, არამედ მსოფლმხედველობრივ ხასიათს ატარებს – ტრამპს უკან დასახევი გზა არ აქვს და ნაბიჯები რომ არ გადადგას, სისუსტე იქნება, ამიტომ უახლოეს საათებში მოქმედებაზე გადავა

დიდ სურათში, ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს და ეს მესამე მსოფლიო ომი არ ატარებს ტერიტორიულ ხასიათს, რაც დამახასიათებელი იყო წინა საუკუნეებში, არამედ ატარებს მსოფლმხედველობრივ, ფუნდამენტურ ხასიათს და ბრძოლა მიდის თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ ირანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ხუხაშვილის აზრით, უახლოეს საათებში ამერიკის შეერთებული შტატები მოქმედებაზე გადავა, რადგან ტრამპს უკან დასახევი გზა არ აქვს იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მისი სისუსტის გამოვლინება იქნება.

„ეს სისასტიკე, რასაც ჩვენ ირანში ვხედავთ, სამწუხაროდ, კანონზომიერია იქიდან გამომდინარე, რომ რაც უფრო სასტიკია რეჟიმი, რაც უფრო მეტად არის შეზღუდული თავისუფლება, როდესაც კრიტიკულ მასას აღწევს ეს დაგროვილი თავისუფლების ენერგია, მით უფრო სასტიკი ფორმით მიმდინარეობს დაპირისპირება და ჩვენ ამის სამწუხარო მოწმეები გავხდით.

დიდ სურათში, ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს და ეს მესამე მსოფლიო ომი არ ატარებს არც ტერიტორიულ ხასიათს, რაც დამახასიათებელი იყო წინა საუკუნეებში, არც ეკონომიკურ ხასიათს და ამაზე აპელირებს ძალიან ბევრი, მათ შორის, საქართველოშიც, რომ თითქოს ნავთობისთვის იბრძვის შეერთებული შტატები და ა.შ. არამედ ატარებს მსოფლმხედველობრივ, ფუნდამენტურ ხასიათს და ბრძოლა მიდის თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის. ეს ორი ძირითადი ფასეულობაა ნებისმიერი ადამიანისთვის ცხოვრებაში და როდესაც არცერთი არ აქვს, ბუნებრივია, ამ მძიმე ფორმით გამოიხატება და დღეს ირანშიც ამ პროცესს ვაკვირდებით.

რეჟიმებისთვის სისასტიკე დამახასიათებელია იმიტომ, რომ ძალაუფლებისთვის ყველა მეთოდით იბრძვის, რაც ხელისუფალს დაჭირდება. სამწუხაროდ, ავტორიტარული რეჟიმები ასე იქცევიან, მათ შორის, ისვრიან და მზად არიან, ძალიან დიდი მსხვერპლისთვის.

საბედნიეროდ, საქართველოში აქამდე არ მისულა საქმე, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ავტორიტარული რეჟიმის მთავარი ფასეულობაა ძალაუფლება, თუ დასჭირდა, ნებისმიერი რეჟიმი, საბოლოო ჯამში, მზად არის, რომ მსხვერპლზე წავიდეს.

ვფიქრობ, შეერთებულ შტატებში ყველაფერი გადაწყვეტილია. ჩვენ ტრამპის რიტორიკას ვისმენთ და მას, ფაქტობრივად, უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს. მან რომ კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგას, ეს მისი მხრიდან იქნება ძალიან სერიოზული სისუსტის გამოვლინება, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში, შეიძლება ითქვას, უახლოეს საათებში შეერთებული შტატები უკვე მოქმედებებზე გადავა”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

პოლიტიკის ექსპერტმა ასევე შეაფასა „ქართული ოცნების” დეპუტატის, გია ვოლსკის დღევანდელი განცხადებაც, სადაც მან თქვა, რომ საქართველომ თავისი მომავალი შეწყალებაზე, განცდებზე, ადამიანთა შორის ურთიერთობების პოზიტიურად განვითარებაზე უნდა გააკეთოს. ხუხაშვილის შეფასებით, ამ განცხადების მოტივი ვენესუელაში განვითარებული მოვლენებია, სადაც მადუროს დაკავების შემდეგ პოლიტპატიმრები გაათავისუფლეს.

„გასაგებია, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც პოლიტპატიმრები რეჟიმს მძევლად ჰყავს აყვანილი, ერთგვარი ვაჭრობის თემაა, რომ მერე ეს ცოცხალი საქონელი რაღაც ფასად უნდა მიჰყიდოს იმ სამყაროს, რომელთანაც რაღაც კომუნიკაციის აწყობა მაინც უნდა. მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ხელისუფლების მოტივები არ განისაზღვრება ან ჰუმანურობით ან სხვა რამით. ისინი აკეთებენ მხოლოდ იმას, რაც სჭირდება ძალაუფლების გამყარებას. მე ვფიქრობ, რომ ამ შესაძლო განაცხადის მოტივი არის ის, რაც მოხდა ვენესუელაში. ვენესუელამ ხომ შოკში ჩააგდო ჩვენი ხელისუფალი. ვენესუელაშიც კი, მას შემდეგ, რაც მადურო სპეცოპერაციის შედეგად იქნა დაპატიმრებული, პოლიტპატიმრები გაათავისუფლეს. ცოტა ხნის წინ ბელორუსში გაათავისუფლეს. შესაძლებელია, ამით რაღაც გამოივაჭრონ, ყოველ შემთხვევაში, ეს ნაბიჯი არაფერს არ ცვლის იმიტომ, რომ პოლიტპატიმარი ციხის გარეთ იქნება თუ ციხის შიგნით, პოლიტიკურად ამით ხომ არაფერი არ იცვლება.

თუ ქვეყანაში რეალური ცვლილებები არ დაიწყო და, შესაბამისად, პროტესტი გაგრძელდა, ამათ გამოუშვებენ, სხვებს დაიჭერენ, მნიშვნელობა რაშია? ჩვენ სისტემურობა გვჭირდება, არა კონკრეტული ადამიანების გამოვაჭრებაზე ხელისუფლების მხრიდან, არამედ სისტემური ცვლილებები. ვფიქრობ, რომ ამ კარტის გათამაშება ხელისუფლებას სხვანაირად უნდა და თუ შეწყალების აქტი იქნება გამოცემული, უფრო “ღიმილის ბიჭებსა” და პროტესტის ფარგლებში დაკავებულებს შეეხებათ. 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეწყალება მოხდეს”, – აღნიშნა მან.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა შეწყალების აქტი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეეხოს, ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა ეკონომიკური მუხლები იყოს შეტანილი, თუმცა, მისი თქმით, გამორიცხული არაფერია.

„გამორიცხული არაფერია, თუმცა დიდი ფარსი იქნებოდა. ადვოკატმა ეს კი თქვა, მაგრამ არა მისი ინიციატივით, კითხვა დაუსვეს პირდაპირ.

გამორიცხვით ვერაფერს ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ შეწყალების აქტში ეკონომიკური მუხლებიც იქნას შეტანილი, თუმცა შესაძლებელია, ამას ვერ გამოვრიცხავ“, – განაცხადა ხუხაშვილმა.