კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული ორი პირი 2000-2000 ლარით დააჯარიმეს

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული ორი პირი ადმინისტრაციული წესით, 2000-2000 ლარით დააჯარიმეს და გაათავისუფლეს. დაკავებულთა ინტერესებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი” იცავს. როგორც ორგანიზაციაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, ამ დროისთვის თავისუფალია მათი იურისტების დაცვის ქვეშ მყოფი, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ათი პირი. ექვსი მათგანის სასამართლო პროცესები გაიმართება.
კეკელიძის ქუჩაზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული მოძრაობა „ხმის” ორი თანადამფუძნებლის, გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას სასამართლო პროცესები კი, სავარაუდოდ, 25 იანვარს გაიმართება.
ორივე მათგანს ედავება აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას – სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს (სხვისი ნივთის დაზიანება ჯგუფურად). მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
კაკო ჩიქობავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიას ასწავლის;
გიორგი ხასაია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტია.
აღსრულების პოლიციამ გუშინ, 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის N1-ში მდებარე ბინიდან გამოასახლა ოჯახი. პოლიციამ გამოსახლების პროცესის გასაპროტესტებლად ბინაში ოჯახის წევრებთან ერთად შეკრებილ ადამიანებს ჯერ სივრცის დატოვებისკენ მოუწოდა, შემდეგ კი ისინი ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.
აღსრულების პოლიცია ბინაში შესვლას ორ საათზე მეტხანს ცდილობდა. მათ შედუღებული დახვდათ როგორც ბინაში, ისე სადარბაზოში შესასვლელი კარები. ბინაში შესვლაში მათ დაეხმარნენ საპატრულო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკა და თანამშრომლები.
პოლიციამ საცხოვრებელი ბინიდან ოჯახის გამოსახლების პროცესში ჯამში 20 ადამიანი დააკავა. მათ შორის – ორი სისხლის სამართლის კოდექსით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევისთვის (პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა) დააკავეს 18 ადამიანი, მათ შორის იყო ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.
როგორც ბინის ყოფილი მფლობელი მარინა ხატიაშვილი ამბობს, მან “დან” თანხა 2008 წელს ისესხა, თუმცა 2013 წელს თვე-ნახევრის ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკარებთან გადაამისამართა – საბოლოოდ, ხატიაშვილებმა “საქართველოს ბანკს” 10-წლიან $20 000-ის სესხში 5 წელიწადში გადაუხადეს $43 000. კერძო იპოთეკარებისთვის კი მთლიანობაში გადახდილი აქვთ $80 000.