მუქარის შემდეგ შეცვლილი პოზიცია – ფასების შესამცირებლად სალაპარაკოდ ირაკლი კობახიძე ბიზნესმენებს შეხვედრას აბუ-დაბიდან სთავაზობს. “ოცნების” ლიდერი აანონსებს შეხვედრას დისტრიბუტორებთან, ადგილობრივ მეწარმეებთან და სუპერმარკეტების მფლობელებთან. ირაკლი კობახიძე ბიზნესმენებს თებერვლის ბოლომდე შეხვდება, სავარაუდოდ, მანამ, სანამ პარლამენტში საგაზაფხულო სესია დაიწყება და კომისიაზე ფასების ზრდის მიზეზების მოსაკვლევად ბიზნესმენებს დაიბარებენ.
სამთავრობო გუნდიდან აუდიენციაზე შეთავაზება ჯერ ბიზნესმენებს არ მიუღიათ – სუპერმარკეტების მფლობელებმა მუქარიდან რამდენიმე საათშივე შესთავაზეს ირაკლი კობახიძეს შეხვედრა, თუმცა, თანხმობა მხოლოდ ახლა მიიღეს. ჯერ შეხვედრაზე დაბარებასთან დაკავშირებით სამთავრობო წერილი არ მიუღიათ დისტრიბუტორთა ასოციაციაშიც.
რა შეიცვალა ხალხისთვის? – ფასები ისევ იგივეა ან უფრო მაღალი ვიდრე სამი კვირის წინ, როდესაც ირაკლი კობახიძემ გაძვირებული სურსათის საქმეზე სუს-ში გამოძიების დაწყებაც კი დააანონსა. სუს-ი არ ასაჯაროებს ინფორმაციას, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ის ვინც ფასების დინამიკას აკვირდება ამბობს, რომ “ქართული ოცნება” გაძვირებული პროდუქტების გამო ხალხის უკმაყოფილებას ვეღარ უმკლავდებოდა და პოპულიზმის გზა აირჩია.
რას ცდილობს “ქართული ოცნება”? – ეკონომისტები არ გამორიცხავენ, რომ შეხვედრაზე დაბარებულ ბიზნესმენებზე სამთავრობო გუნდმა წნეხი გაზარდოს და შეეცადონ, მათთვის სასურველ შეთანხმებაზე ბიზნესმენების დაყოლიებას, ფასების ხელოვნურად შენარჩუნებას და წინააღმდეგობის შემთხვევაში, საქმეში სუს-ის ჩართვას.




