ირანის ყოფილი შაჰის შვილი რეზა ფეჰლევი ირანელ ხალხს საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ, არმიის წევრებს კი საზოგადოების მხარეს გადასვლისკენ მოუწოდებს.
„ჩემო თანამემამულეებო, მსოფლიომ არა მხოლოდ დაინახა და გაიგო თქვენი ხმა და გამბედაობა – ის ახლა პასუხობს. ალბათ, უკვე მოისმინეთ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართვა. დახმარება გზაშია. განაგრძეთ ბრძოლა, როგორც აქამდე აკეთებდით. ნუ მისცემთ ამ რეჟიმს უფლებას, შექმნას ილუზია, რომ ცხოვრება ნორმალურია. ყველა ამ ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, ჩვენსა და რეჟიმს შორის სისხლის ზღვაა“, – აცხადებს რეზა ფეჰლევი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
მისი თქმით, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს.
„ასევე მაქვს განსაკუთრებული მიმართვა არმიის წევრებისთვის: თქვენ ხართ ირანის ეროვნული არმია, თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ თქვენი თანამემამულეების სიცოცხლე. დიდი დრო არ გაქვთ. შეუერთდით მათ რაც შეიძლება მალე“, – აცხადებს ფეჰლევი.
ცნობისთვის, მედიის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რეზა ფეჰლევს ფარულად შეხვდა.




