საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის კუთხით ყველა ხიდი დაწვა და ერთადერთი ადგილი, სადაც ის საკუთარ თავს მოიაზრებს შესაძლოა, ოპოზიცია იყოს.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის დიდი შეცდომაა, როდესაც ფიქრობს, ოპოზიციაში რაიმე მნიშვნელოვანი როლი ექნება.
როგორც სარჯველაძე აღნიშნავს, პრეზიდენტს ახლა უკვე არჩევანის საშუალება აღარ აქვს, ითანამშრომლებს ხელისუფლებასთან თუ ოპოზიციასთან.
„სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე სერიოზული შეცდომა დაუშვა. ეს სერიოზული შეცდომა, მათ შორის, უკავშირდებოდა საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილების არასწორად შეფასებას. ამით, რა თქმა უნდა, საკუთარი პოლიტიკური ბედი განსაზღვრა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის კუთხით და აქ ყველა ხიდი დაწვა. იმ წუთას, როდესაც ამ გადაწყვეტილებებს იღებდა, მიაჩნდა, რომ ეს იყო პერსპექტივა, მაგრამ რა საკვირველია, მან ვერ გათვალა გარკვეული საკითხები, მოუვიდა შეცდომა ამ თვალსაზრისით. ეს ხიდები, ბუნებრივია, აღდგენადი რომ ვეღარ იქნება, ამიტომ ერთადერთი ადგილი, ალბათ, სადაც საკუთარ თავს ხედავს და მოიაზრებს შეიძლება იყოს ოპოზიცია. იმ ფონზე, როდესაც არც თუ ისე დიდი ხანი დარჩა საპრეზიდენტო ვადის, ბუნებრივია, გარკვეული ეპატაჟური საქციელით შეეცდება, რომ დაამახსოვროს თავი საზოგადოებას. ისე გადის ეს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდები, რომ რაიმე მნიშვნელოვნით საზოგადოებისთვის მას თავი არ დაუმახსოვრებია, გარდა კონფრონტაციისა ხელისუფლებისა. სხვა გაკეთებული მისი საქმე სიმართლე გითხრათ მაინცდამაინც დიდად არ მახსოვს. შეცდომაა, რომ ჰგონია, მნიშვნელოვანი ფუნქცია, ან მნიშვნელოვანი როლი ექნება ოპოზიციაში. რეალურად, არავითარი პერსპექტივა არ ემუქრება, იმას რომ ოპოზიციაში რაიმე სერიოზული გავლენა, ან წონა ჰქონდეს. ეს იყო მისი მხრიდან დაშვებული დიდი შეცდომა“,- განაცხადა სარჯველაძემ.
ამასთან, მან ოპოზიციის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის მოწინააღმდეგეები „მღვრიე წყალში თევზის დაჭერას ცდილობენ“.
„აქციები უნდა გაუმართონ ერთმანეთს ოპოზიციაში და არა ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ხელისუფლებას ნამდვილად არ მიუძღვის ბრალი ოპოზიციის იმ მდგომარეობაში ჩაგდებაში, რაც მათ რეალურად აქვთ. როგორც ჩანს, სხვა ალტერნატივა, გარდა დესტრუქციისა, საზოგადოებისთვის გარკვეული არეულობის შეთავაზებისა, რეალურად მათ სათქმელი არაფერი აქვთ. როცა შანსი არ გაქვს არჩევნებზე, მღვრიე წყალში თევზის დაჭერას ცდილობენ“, – განაცხადა სარჯველაძემ.