მასკის პროგნოზით, სამ წელიწადში რობოტები ადამიანებზე უკეთესი ქირურგები იქნებიან
ამერიკელი ექიმისა და ინჟინრის, პიტერ დიამანდისის მიერ წაკითხულ პოდკასტ „Moonshots“-ში გამოსვლისას, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტი და ჰუმანოიდი რობოტები ჯანდაცვის სფეროში რადიკალურ ტრანსფორმაციას დაიწყებენ.
მასკმა სამედიცინო სფეროში ადამიანური რესურსების დეფიციტზე ისაუბრა და თქვა: „ამჟამად ექიმებისა და კარგი ქირურგების დეფიციტია“. მან განაცხადა, რომ კარგ ექიმად ჩამოყალიბებას მრავალი წელი სჭირდება, მაგრამ მაშინაც კი, შეცდომების დაშვების რისკი რჩება.
„ექიმებს შეზღუდული დრო აქვთ და ინფორმაცია მუდმივად იცვლება. მსოფლიოში ყველა ქირურგზე მეტი რობოტი იქნება“, – დასძინა მასკმა.
კითხვაზე, როდის გახდება Optimus საუკეთესო ქირურგებზე უკეთესი ქირურგი და რამდენი დროა საჭირო ამისთვის? მასკმა განაცხადა: „სამი წელი“ და დასძინა, რომ ეს პროცესი მასშტაბურად განხორციელდება.
„საბოლოოდ Optimus-ი შეძლებს უფრო თანმიმდევრული და შეცდომებისგან თავისუფალი ქირურგიული პროცედურების ჩატარებას, ვიდრე ადამიანები,“ – თქვა მან.
ილონ მასკმა ადრე განაცხადა, რომ Optimus-ი შესაძლოა კომერციულ წარმოებაში 2026 წელს შევიდეს. მასკი ჰუმანოიდურ რობოტებს, ელექტრომობილებთან და ხელოვნურ ინტელექტთან ერთად, Tesla-ს გრძელვადიანი სტრატეგიის ცენტრში აყენებს.
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის გროსმანის სამედიცინო სკოლის ბიოეთიკის ექსპერტმა, არტურ კაპლანმა, არარეალურად მიიჩნია მტკიცება, რომ რობოტები სამ წელიწადში ადამიან ქირურგებს გადააჭარბებდნენ.
„რობოტული ქირურგია ჯერ ამ დონეზე არ არის“ – თქვა კაპლანმა და განაცხადა, რომ რობოტებისთვის შეუძლებელია მოკლე დროში აჯობონ ადამიანებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა კარდიოლოგია, ნეიროქირურგია, ორთოპედია და პედიატრიული ქირურგია. მან განმარტა, რომ ზოგიერთი ოპერაცია მაღალ უნარებს მოითხოვს და მათი პროგრამირება ადვილი არ არის.
ცნობისთვის: Optimus (ასევე ცნობილია როგორც Tesla Bot) არის ჰუმანოიდი რობოტი, რომელსაც ავითარებს კომპანია Tesla. მისი მიზანია ადამიანებისთვის რუტინული, ფიზიკურად მძიმე ან საშიში სამუშაოების შესრულება.
jandacva.ge




