ირანში მასშტაბურ საპროტესტო დემონსტრაციებს, რომლის დროსაც, უფლებადამცველი ჯგუფების ცნობით, ასობით ადამიანი დახოცეს, დაემთხვა საქართველოში ირანის ახალი ელჩის გამოგზავნა. წინა ელჩს დეკემბრის ბოლოს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა.
ახალდანიშნული ელჩი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა დაავალა საქართველოსთან „ორმხრივი და მრავალმხრივი დიალოგის“ გაძლიერება და „კონსტრუქციული ტრანსრეგიონული თანამშრომლობის“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
საქართველოში ირანის საელჩო ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის შემდეგაც აგრძელებს ტრადიციულ საქმიანობას, მათ შორის ქართულ ენაზე აქტიურად აზიარებს ცენტრალური მთავრობის გზავნილებს – აშშ-ს „ტერორისტულ რეჟიმს“ უწოდებს და ირანში ხალხის მღელვარებაზე პასუხისმგებლობას ვაშინგტონს აკისრებს.
ახალი ელჩი თბილისში
საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალი ელჩი არის სეიედ ალი მოჯანი, – დიპლომატი, რომელსაც ირანის სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. არაერთხელ უმოგზაურია საქართველოშიც.




