სავალდებულოა, გამოიყენოთ მიწისქვეშა გადასასვლელები – მზია ამაღლობელის მხარდამჭერებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სავალდებულო მითითებას ავრცელებს პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარშის მონაწილეებისთვის. უწყების მოთხოვნაა, მსვლელობა ჩატარდეს მხოლოდ ტროტუარებზე, გზებზე გადასასვლელად კი გამოიყენონ მიწისქვეშა გადასასვლელები.

„მანიფესტაციის მსვლელობა განხორციელდეს ქ. თბილისი, კ. მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე მეტროსადგურ „მარჯანიშვილიდან“ (შეკრება ჩატარდეს მხოლოდ ხალხის სავალ ნაწილზე (ტროტუარზე) და მანიფესტაციის მონაწილეებმა ისარგებლონ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელით) საქართველოს პარლამენტის შენობამდე“, – წერია შსს-ს გავრცელებულ ცნობაში.

დღეს, 12 იანვარს ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ონლაინგამოცმეების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი პატიმროებაშია. მას ს საქალაქო სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა პოლიციელ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. მოსამართლე ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.

მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მსვლელობა დღეს, 12 იანვარს იმართება თბილისში, „მარჯანიშვილის“ მეტროსადგურიდან პარლამენტის შენობამდე, სადაც 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ მოქალაქეები უწყვეტად იკრიბებიან. პროტესტი გამოიწვია „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებამ, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებაში მყოფი პარტია ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.