„თუ კერძო ინვესტორი არ შემოდის, სახელმწიფომ გენერაციის ობიექტების მშენებლობაზე და შემდეგ მათ გაყიდვაზე უნდა იფიქროს“

„თუ კერძო ინვესტორი არ შემოდის, სახელმწიფომ გენერაციის ობიექტების მშენებლობაზე და შემდეგ მათ გაყიდვაზე უნდა იფიქროს“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება, ენერგოკომპანიებისთვის ჯარიმების ჩამოწერის თაობაზე, გენერაციის ობიექტების მშენებლობის მხოლოდ იმ შემთხვევაში წაახალისებს, თუ აღსრულების ეფექტური მექანიზმი იქნება.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ენერგეტიკის სექტორში მოქმედ კომპანიებს კონკრეტული დათქმით, სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი, ჯამში 1 მლრდ ლარის მოცულობის ჯარიმა ჩამოეწერებათ. რაც შეეხება დათქმას, კომპანიებს განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, სრულად დაეკისრებათ ახლადდაგროვილი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის ვალდებულება და აღუდგებათ ნაპატიები ჯარიმებიც.
როგორც გია არაბიძემ „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრა, სწორედ ეს დათქმა იქნება იმის გარანტი, რომ გენერაციის ობიექტების მშენებლობა გააქტიურდეს. თუმცა, თუ შედეგი ამანც ვერ გამოიღო, ენერგეტიკოსი ამბობს, რომ სახელმწიფომ ასეთი ობიექტების მშენებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს.
„დადებითად შევაფასებ ამ გადაწყვეტილებას, უბრალოდ, უნდა შევძლოთ აღსრულება. უნდა მოვახერხოთ სრულფასოვნად შესრულება, რადგან რეალობა ხშირად განსხვავდება იმისგან, რაც ფურცელზე წერია. იმ ადამიანებმა, რომლებსაც წლებია უკვე ჩაბარებული აქვთ გარკვეული პროექტები და არ აქვთ საშუალება განახორციელონ, ან არ სურთ სადგურებისა და გენერეციის ობიეტების აშენებაში ინვესტიციები ჩადონ, კეთილი უნდა ინებონ და ეს მემორანდუმები დათმონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოძებნონ სახსრები და დაიწყონ ამ სადგურების აშენება.
წესით, გადაწყვეტილება დაძრავს მშენებლობების პროცესს, რადგან უპირობოდ არ ჩამოწერიათ ეს ჯარიმები კომპანიებს. ცალკე ხელშეკრულებები გაფორმდება იმ პირობების შესახებ, რა შემთხვევაშიც მოხდება ჯარიმებისგან გათავისუფლება. ახალი ხელშეკრულება იდება და კომპანიამ ან უარი უნდა თქვას პროექტზე, ან თქვას, რომ 2-3 წლის განმავლობაში თუ ძველ ჯარიმებს ჩამომაწერთ და მექნება სუფთა ბიოგრაფია საბანკო სისტემასთან, მოვახერხებ ამ სადგურის აშენებას. ეს არ იქნება – გათენდა და ჯარიმა აღარ მაქვს – მიდგომა. ჯარიმები არსად არ წასულა. შენ თუ შეასრულებ ახალ პირობას და იმ ინვესტიციებს ჩადებ საქმეში, რაც უნდა ჩაგედო, მხოლოდ ამ შემთხვევაშია გათავისუფლდები სახდელისგან. დავუშვათ, მაქვს 200 მილიონი ლარის ჯარიმა, ამ ჯარიმას ჩამომაწერენ იმ შემთხვევაში, თუ 200 მილიონის საქმეს ისევ გავაკეთებ. თანაც, მივუთითებ გარკვეულ დროსაც, რომელიც აღნიშნული საქმის გასაკეთებლად დამჭირდება. თუ ვერ შევასრულებ, ძველი ჯარიმაც მრჩება და ახალიც მემატება. აქედან გამომდინარე, უკვე ცოტა ფრთხილად იქნება ის ხალხი, რომლებსაც მხოლოდ მაგიდაზე უნდათ ხელშეკრულებები და მემორანდუმები. დაიწყებენ პრაქტიკულ საქმიანობას.
მართალია, ელექტროენერგიის იმპორტიც და მოხმარებაც გვეზრდება, მაგრამ კატასტროფა არ გვაქვს. ჩვენ საჭირო ელექტროენერგიის 85%-ს თავად გამოვიმუშავებთ. ამის პრობლემა არაა. უფრო გამოწვევა გვაქვს დეკემბერ-იანვარ-თებერვალში, თუმცა სისტემა არც ამ მონაკვეთში ჩამოინგრევა.
სახელმწიფომაც უნდა აიღოს გარკვეული ვალდებულებები. თუ კერძო ინვესტორი არ შემოდის, მაშინ სახელმწიფომ იფიქროს გენერაციის ობიექტის მშენებლობაზე და შემდეგ ამ ობიექტის გაყიდვაზე. ინვესტორს უჭირს გარკვეული პრობლემების გამო. შემოვიდა, დაიწყო და იქ სასამართლო პროცესი წააგო, იქ ხალხმა არ ააშენებინა, გზები გადაკეტეს და ა.შ. ეგეთი პრობლემები უნდა მოგვარდეს სახელმწიფოშივე, რომ საზოგადოება და მთავრობა შეთანხმდენენ რაღაც გარკვეული სადგურების მშენებლობაზე. მერე უკვე, თუ ვერ მოიძებნა ინვესტორი, შეიძლება ააშენოს სახელწმიფომ. თავისი ნებართვიანად, მშენებლობის დაწყვებით, ყველა პროცედურით და ისე გამოიტანოს ბაზარზე. გაყიდოს რეგენერაციის ობიექტები, რომელსაც გაცილებით მეტი მყიდველი ეყოლება, ფასიც საკმაოდ დიდი იქნება და მსურველიც გაჩნდება. ეს იმიტომ, რომ ინვესტორს უკვე აღარ ექნება მოსახლეობასთან ურთიერთობის და სხვა პრობლემები“, – განაცხადა გია არაბიძემ.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი