გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რადიკალურად შემცირდა ქვეყანაში რძის წარმოება, ვერ დავეთანხმებით, – განაცხადა რადიო „კომერსანტის“ ეთერში რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა კახა კონიაშვილმა.
მისი განმარტებით, 2025 წლის საბოლოო მონაცემები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა, 3 კვარტლის შედეგებით, წარმოება წინა წლების მოცულობასთან მეტ-ნაკლებად თანხვედრაშია.
„თუ გადავხედავთ სტატისტიკას, საქართველოში ბოლო 5 წლის განმავლობაში რძის წარმოება მეტ-ნაკლებად იცვლებოდა. 2020 წელს თუ იყო 559 მილიონი ლიტრი რძე წარმოებული, მეორე წელს გაიზარდა 577 მილიონი, შემდეგ დაიკლო და ასეთი ცვალებადი ტენდენციით ხასიათდება ბაზარი. 2025 წლის 3 კვარტლის დამუშავებული მონაცემებით, არც მნიშვნელოვნად კლებაზეა საუბარი და არც მნიშვნელოვნად მატებაზე. გავრცელებული ინფორმაცია, რომ რადიკალურად შემცირდა ქვეყანაში რძის წარმოება, ამას ვერ დავეთანხმებით“, – აცხადებს კახა კონიაშვილი.
როგორც კახა კონიაშვილი აღნიშნავს, რაც შეეხება ქვეყანაში რძის ფხვნილისა და რძის პროდუქტების იმპორტის ზრდის ტენდენციას, ეს იმის მანიშნებელია, რომ მოხმარება იზრდება.
„მოხმარების ზრდა, მათ შორის, გამოწვეულია ქვეყანაში მიგრანტების რაოდენობის, ასევე, ტურისტული ნაკადების ზრდით, რომელთაც ადგილობრივი პროდუქტი სჭირდებათ, თუნდაც იგივე ხაჭაპური, რაც დამატებითი რესურსების მოზიდვას მოითხოვს“, – განაცხადა კახა კონიაშვილმა.




