დედაქალაქში ბიზნესისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა, რომლის მიზანიც მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის შემცველი საფრთხეების შემცირებაა.
კერძოდ, თბილისის კონკრეტულ ზონებში აიკრძალა ისეთი მასალების განთავსება და გაყიდვა, როგორიცაა შავი და ფერადი ლითონის ჯართი, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებები და მათი ნაწილები. თემა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააშუქა.
მისი ცნობით, თუკი მესაკუთრეები და მეწარმე სუბიექტები ზემოთ აღნიშნულ მასალებს საცხოვრებელ ადგილებში, რეკრეაციულ, სატყეო, სატრანსპორტო და სანიტარული დაცვის ზონებში განათავსებენ, სოლიდური სანქციით დაჯარიმდებიან. კერძოდ, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებით 500-დან 2 500 ლარამდე გაიზარდა ჯარიმა იმ ფიზიკური პირისთვის, რომელიც მარტივად აალებად, ფეთქებად და ამტვერებად მასალებს აკრძალულ ადგილებში განათავსებს. ხოლო იურიდიული პირისათვის იგივე დარღვევაზე მოქმედი 1000-ლარიანი ჯარიმა 5000 ლარი გახდა. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა კიდევ უფრო მაღალია და შესაძლოა 30 000 ლარსაც კი მიაღწიოს.
ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელის ივანე მთვრალაშვილის თქმით, რეგულაციები ბიზნესისგან გადაწყობას მოითხოვს, რადგან მათ საკუთარი ობიექტების სხვა ტერიტორიებზე გადატანა მოუწევთ, თუმცა, მისივე თქმით, პრიორიტეტი ადამიანების ჯანმრთელობაა.
გარემოს დაცვის სპეციალისტის ნინო ჩხობაძის თქმით, მტვერი, რომელიც ასეთი პროდუქციისგან წარმოიშობა, კანცეროგენად ითვლება. მისი განცხადებით, აღნიშნული რეგულაცია არის სტანდარტი, რომლის მიხედვითაც არ შეიძლება მსგავსი აალებადი ნივთიერებების გაყიდვა იმ ადგილებში, სადაც საცხოვრებელი კორპუსებია.
მისი თქმით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ათასობით ადამიანისთვის, რომელთა საცხოვრებლის სიახლოვესაც ე.წ. დაშლილების ბაზრობები თუ მეორადი საბურავების საწყობები იყო განთავსებული. გარდა ამისა, როგორც ნინო ჩხობაძე ამბობს, ცვლილება ხელს შეუწყობს შრომის უსაფრთხო პირობების შექმნას ასეთ ობიექტებზე მომუშავე ადამიანებისთვის.
jandacva.ge




