ღვინის თემატიკაზე შექმნილი პირველი ქართული ბიზნეს-თამაში “ვინოპოლია” 2026 წელს, ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტის ბიუჯეტური ვერსიის შექმნას გეგმავს.
როგორც “ვინოპოლიას” დამფუძნებელი გიორგი სიბაშვილი “ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს, აღნიშნული მიზნად უფრო ფართო აუდიტორიაზე წვდომას ისახავს.
“გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში პრემიუმ პროდუქციაზე მოთხოვნა მცირდება, მიმდინარე წლიდან, გვსურს, რომ ხარისხი შევამციროთ, რაც რა თქმა უნდა, ფასის შემცირებას გამოიწვევს.
გარდა ამისა, მომდევნო წლიდან გვინდა, რომ მსოფლიო ღვინოების თემატიკით გავაკეთოთ იგივე პროდუქტი. აღნიშნულის რეალიზაციას კი ევროპის ბაზარზე ვგეგმავთ. გვაქვს მოლაპარაკებები როგორც საცალო ვაჭრობის ობიექტებთან, ისე ლოგისტიკურ კომპანიებთან და ვფიქრობთ, რომ ჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომი იქნება როგორც ონლაინ, ისე ღვინის მაღაზიებში. ჩვენი სამიზნე ბაზარი ამ ეტაპზე, გერმანია და პოლონეთია და ვფიქრობთ, რომ 2026 წელს აღნიშნულ გეგმას განვახორციელებთ. უცხოელები დადებითად აფასებენ ჩვენს არსებულ პროდუქტს და გვაქვს იმედი, რომ ახალი პროდუქტიც მოეწონებათ”, – აღნიშნა გიორგი სიბაშვილმა.
ცნობისთვის, ღვინის თემატიკაზე შექმნილი პირველი ქართული ბიზნეს-თამაში – “ვინოპოლია” 2023 წელს შეიქმნა და პროდუქციის წარმოება ჩინეთში ხდება. კომპანიის მომხმარებლები როგორც კორპორატიული, ისე საცალო სეგმენტია.




