ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ აცხადებს, რომ არსებობის 29-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად, ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად, საქმიანობის იძულებით შეჩერების ფაქტის წინაშე დადგა.
მიუხედავად ამისა, ორგანიზაცია აცხადებს, რომ მისი იურისტები მოხალისეობრივად გააგრძელებენ უფასო სამართლებრივი კონსულტაციების გაწევას და განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამართლებრივ წარმომადგენლობას.
„არსებული ვითარებიდან გამომდინარე, უნდა გაგვეკეთებინა განცხადება, რომ 2026 წლის პირველი იანვრიდან „უფლებები საქართველო“ 29 წლის შემდეგ წყვეტს საქმიანობას — აჩერებს წარმომადგენლობას ძალადობის და ფემიციდის მსხვერპლთა მიმდინარე 200-მდე საქმეზე ადგილობრივ და საერთშორისო სასამართლოებში; უპატრონოდ ტოვებს ევროსასამართლოში გაგზავნილ 500-მდე საქმეს, მათ შორის აგვისტოს ომით დაზარალებულთა საქმეებს; აღარ მიიღებს მონაწილეობას საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელების განხილვაში, ყოველდღიურად ვეღარ გაუწევს უფასო კონსულტაციას და დახმარებას უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ათეულობით მოქალაქეს, რომლებსაც კიდევ შერჩათ სამართლის პოვნის იმედი. მაგრამ ჩვენ ეს ვერ შევძელით. გადავწყვიტეთ, არ ვუღალატოთ საკუთარ მორალს, პროფესიას და, რაც მთავარია, ადამიანებს, რომლებსაც ვჭირდებით. ამიტომ 2026 წლის 12 იანვრიდან „უფლებები საქართველოს“ იურისტები სრულიად მოხალისეობრივ საწყისებზე გააგრძელებენ უფასო სამართლებრივი კონსულტაციების გაწევას და განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამართლებრივ დახმარებას და წარმომადგენლობას“, — ნათქვამია განცხადებაში.
უფასო სამართლებრივი კონსულტაციის მსურველებს შეუძლიათ, „უფლებები საქართველოს“ დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე: 577 541 655 ან მიწერონ ორგანიზაციის „ფეისბუქის“ გვერდზე, ხოლო სამშაბათს და ხუთშაბათს, 11:00-16:00 საათამდე, პირისპირ კონსულტაციებზე მივიდნენ „უფლებები საქართველოს“ ოფისში (თბილისი, ა. გახოკიძის 11ა).
„უფლებები საქართველო“ (ყოფილი „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“) არის არასამთავრობო, აპოლიტიკური, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია, რომელიც 1997 წლის 12 სექტემბერს დაფუძნდა.
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო მთელი რიგი რეპრესიული კანონები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას და, შესაბამისად, საქმიანობას უზღუდავს.




