დიდი ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, გაერთიანებული სამეფო გეგმავს უკრაინისთვის ახალი შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა Nightfall შექმნას, რომლის მოქმედების რადიუსიც 500 კილომეტრზე მეტი იქნება.
მთავრობა განმარტავს, რომ პროექტ Nightfall-ის ფარგლებში, უკვე გამოცხადდა კონკურსი ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტის საწარმოებლად, რომელიც შეძლებს 200 კილოგრამ წონის საბრძოლო ქობინის 500 კილომეტრზე მეტ მანძილზე გადატანას.
Nightfall-ის რაკეტების გაშვება შესაძლებელი იქნება სატრანსპორტო საშუალებებიდან, ხოლო მათი მოქმედების რადიუსი უკრაინის ტერიტორიიდან მოსკოვამდე მიღწევის საშუალებასაც კი იძლევა.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის თქმით, მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, უკრაინელებს უახლესი იარაღი მისცენ, რათა მათ შეძლონ წინააღმდეგობის გაწევა.
“ხუთშაბათის ღამით განხორციელებულმა თავდასხმებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ პუტინი თავს დაუსჯელად გრძნობს და მშვიდობიან ტერიტორიებს მაღალი ტექნოლოგიის იარაღით უტევს. იმის ნაცვლად, რომ სერიოზულად ჩაერთოს მშვიდობის მოლაპარაკებებში, ის უკანონო ომს კიდევ უფრო ამწვავებს. ჩვენ ამას არ შევეგუებით, სწორედ ამიტომ ვართ მტკიცედ განწყობილი, უკრაინელებს მივაწოდოთ მოწინავე იარაღი, რათა მათ შეძლონ წინააღმდეგობის გაწევა”, – თქვა მან.
თავდაცვის მზადყოფნისა და ინდუსტრიის მინისტრმა ლუკ პოლარდმა განაცხადა, რომ უსაფრთხო ევროპას ძლიერი უკრაინა სჭირდება – მისი თქმით, ახალი შორ მანძილზე მოქმედი ბრიტანული რაკეტები უკრაინას ბრძოლაში დარჩენის საშუალებას მისცემს და ვლადიმერ პუტინს მორიგ თავის ტკივილს გაუჩენს.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტი მიზნად ისახავს უკრაინის მხარდაჭერას, Nightfall ასევე საფუძვლად დაედება დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სამომავლო შორ მანძილზე დარტყმის პროგრამებს.




