ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური მისიები საქართველოში ერთობლივად ეხმიანებიან ჟურნალისტ და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის ერთწლიან პატიმრობას.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ფეისბუქზე დაწერა:
დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა. 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ.
ანალოგიური შინაარსის ტექსტი გამოქვეყნდა ჩეხეთის, გაერთიანებული სამეფოს, შვედეთის, ლიეტუვის და პოლონეთის საელჩოების ოფიციალურ ფეისბუქ გვერდებზე.
დიპლომატიური მისიები კვლავ მიუთითებენ 2025 წლის 6 აგვისტოს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამია:
ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა.
2025 წლის 6 აგვისტოს ბათუმელი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსზე თავდასხმის ბრალდებით ორ წლით დააპატიმრეს. იგი 11 იანვარს დააკავეს, ხოლო 14 იანვარს სასამართლომ მის მიმართ პატიმრობა აღკვეთის ღონისძიებად განსაზღვრა. ადვოკატების შუამდგომლობები პატიმრობის შეცვლის შესახებ როგორც ბათუმის საქალაქო, ისე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქმეში გამოყენებული იყო გაყალბებული ოქმი. დაკავების შემდეგ ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა და 18 თებერვალს მკურნალთა დახმარებით კვება აღადგინა.




