დადასტურდა, რომ კერძო კოლექციის ფერწერული ნამუშევარი „ირემი“ ფიროსმანს ეკუთვნის – მუზეუმი

ხელოვნების მუზეუმის ცნობით, ექსპერტიზის შედეგად დადასტურდა, რომ კერძო კოლექციის ფერწერულ ნამუშევარი „ირემი“ ნიკო ფიროსმანს ეკუთვნის.
მუზეუმის განცხადებით, 2023 წლის 2 აგვისტოს ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიას საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად მოქალაქე ლაშა შენგელიამ მიმართა და კერძო კოლექციის ფერწერული ნამუშევარი „ირემი“ წარადგინა.
მათივე ცნობით, ფერწერულ ნამუშევარს ახლავს ხელმოწერა: „ნიკო ფიროსმანაშვ…“ და ეს არის მუყაო, ტილოზე დუბლირებული და ქვეჩარჩოზე. მუზეუმის თანახმად, ზეთში შესრულებული ნახატის ზომა 80,5×102-ია და ნამუშევარი რესტავრირებულია.
მუზეუმის განცხადებით, ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიის დასკვნა ნიკო ფიროსმანაშვილის ფერწერული ნამუშევრის – „ირემი“ – ავთენტიკურობის შესახებ გადაეცა მესაკუთრეს და მას დაუბრუნდა კვლევისათვის ლაბორატორიაში წარმოდგენილი ფერწერული ტილო.
„საექსპერტო კვლევა მიზნად ისახავდა ნამუშევრის ავთენტიკურობის განსაზღვრას, რაც მოიცავს კომპლექსურ – სახელოვნებათმცოდნეო და ტექნოლოგიურ კვლევას. კომპლექსური კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები და მათი შედარება ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის ორიგინალების კვლევის შედეგებთან, ასევე – სამეცნიერო პუბლიკაციებზე დაყრდნობით გაკეთებული ანალიზი, ლაბორატორიის ესპანელი ექსპერტის, ენრიკე პარას, პროფესიონალური კონსულტაცია და მისი აქტიური მონაწილეობა კვლევით პროცესში ადასტურებს, რომ ლაბორატორიაში წარმოდგენილი ფერწერული ნამუშევრის – „ირმის“ ავტორია ნიკო ფიროსმანაშვილი“. – ნათქვამია ხელოვნების მუზეუმის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი