ევროკავშირი Google-ისა და Wiz-ის $32-მილიარდიან გარიგებაზე გადაწყვეტილებას 10 თებერვლამდე მიიღებს(bm.ge)
ევროკომისიის ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირის ანტიმონოპოლიური უწყება 10 თებერვლამდე გადაწყვეტს, დაამტკიცოს თუ არა Google-ის მფლობელი Alphabet-ის მიერ კიბერუსაფრთხოების კომპანია Wiz-ის 32 მილიარდ დოლარად შესყიდვა. ეს Alphabet-ის ისტორიაში უმსხვილესი გარიგებაა.
Google-ის მფლობელმა კომპანიამ გარიგების შესახებ გასული წლის მარტში განაცხადა. აღნიშნული ნაბიჯით ტექნოლოგიური გიგანტი კიბერუსაფრთხოების მიმართულების გაძლიერებას და ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ბაზარზე კონკურენტების – Amazon-ისა და Microsoft-ის წინააღმდეგ, პოზიციების გამყარებას ისახავს მიზნად.
ბოლო წლებში ტექნოლოგიური გარიგებები რეგულატორების მხრიდან მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ ექცევა, რაც დომინანტი კომპანიების მხრიდან საბაზრო გავლენის კიდევ უფრო გაზრდის რისკებს უკავშირდება.
ევროკომისიას, რომელიც ევროკავშირში კონკურენციის დაცვაზეა პასუხისმგებელი, შეუძლია წინასწარი განხილვის ეტაპზე გარიგება გარკვეული დათქმებით ან მათ გარეშე დაამტკიცოს, ხოლო სერიოზული ეჭვების არსებობის შემთხვევაში – სრულმასშტაბიანი გამოძიება დაიწყოს.
შეგახსენებთ, რომ გარიგებამ აშშ-ის მარეგულირებლის თანხმობა გასული წლის ნოემბერში უკვე მიიღო.




