“მზე გაფართოვდება და გადაგვყლაპავს. ამიტომ დედამიწიდან სხვა პლანეტაზე უნდა გადავსახლდეთ” – გია დვალი

“რადიო თავისუფლებაზე” ფიზიკოსმა გია დვალმა და საქართველოს ევანგელურ-ბაბტისტური ეკლესიის მიტროპოლმა, მალხაზ სონღულაშვილმა გადაცემაში – “შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს” ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრეს, მათ შორის – რწმენაზე, მეცნიერებაზე, სამყაროს მომავალზე, ხელოვნურ ინტელექტზე და ადამიანის როლზე ამ დროსა და სივრცეში.
გია დვალი გვარწმუნებს, რომ სამყაროში მზის გაფართოება და მისგან დედამიწის ორბიტის შთანთქმა, გაურდავალია. კაცობრიობას კი, თავის გადასარჩენად, სხვა პლანეტაზე გადასახლება მოუწევს.
“რწმენა – ტრანსცენდენტული მხარე, კაცობრიობის განუყოფელია. მეც მანდ ვარ, თუმცა ჩემთვის, როგორც ფიზიკოსისთვის, ძირითადი ჩარჩო მეცნიერებაა.
რომ ავიღოთ: გავრცელებულ ალგორითმებს, რასაც ჩვენ ხელოვნულ ინტელექტს ვეძახით, ჯერჯერობით ცნობიერება არ გააჩნია. სინამდვილეში, არც ჩვენ ვიცით, რა არის ცნობიერება. , თითქოს, რაღაც ნეირონული ქსელია. მერე რაღაც კომპლექსურობა ზღვარს მიაღწევს და ის ცნობიერებას მოიპოვებს, შეიცნობს თავის თავს, რომ არსებობს. უამრავი იდეაა, მაგრამ რა მახასითებელები გააჩნია, ამაზე პასუხი არ არის ცნობილი. თუ მას ექნება ცნობიერება და იქნება ჩვენი სწორი, მას უფლებებიც უნდა მივანიჭოთ.
ხელოვნულ ინტელექტს მეხსიერების შენახვა და მისი პროცესირება სჭირდება. მეხსიერების შენახვაში ჩემპიონია შავი ხვრელი. მერე ხელოვნური ინტელექტის ცნობიერების გაჩენამ, შესაძლოა, ცალკე პრობლემა მოგვიტანოს. რა ვიცით, რა მოუვა თავში?
უამრავი გადაჯაჭვული თემაა. ჩვენ, ადამიანებს გვინდა, რომ სამყაროში მარტო არ ვიყოთ. და ვეძებთ ნახშირწყლებზე, კარბონატებზე დაფუძნებული ტიპის პლანეტებს. გამწარებულები ვეძებთ და პასუხად სრული სიჩუმე გვაქვს. რაც გვაქვს – დამთრგუნველია,” – ამბობს გია დვალი და ამატებს, რომ, ადრე თუ გვიან, გაქცევა დაგვჭირდება, ეს გარდაუვალია.
“ყველაფერს რომ თავი დაანებო, მზე გადაგვყლაპავს. ის გაფართოვდება და დედამიწის ორბიტას, ყველა ვარიანტში, ჩაითრევს. ეს გამოთვლილია. უნდა გადავსახლდეთ მზის სისტემის სხვა პლანეტაზე, მისგან უფრო დაშორებულზე. ეს, სამწუხაროდ, მოგვიწევს, თუ ჩვენ ვაპირებთ, რომ კაცობრიობა გავაგრძელოთ, ან რა უფლება გვაქვს არ გავაგრძელოთ? ჩვენმა წინაპრებმა 4-5 მილიარდი წელია დედამიწა შემოგვინახეს. პირველი სიცოცხლე ძალიან სწრაფად წარმოიშვა. დღემდე მოგვიყვანეს და ეს ხაზი ჩვენ რატომ უნდა გავაქროთ და გავნადგურდეთ? უნდა გავიბნეთ სამყაროში. ეს, რა თქმა უნდა, დამთრგუნველია. დიდი ბარიერები გვაქვს. ჩვენ სწრაფად ვერ ვმოძრაობთ. მთელი ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური პრობლემები იქნება. ვისაც გავგზავნით სხვა პლანეტაზე, მას ფაქტობრივად სამუდამოდ ვემშვიდობებით. ეს არის მისია, რომ მათ გააგრძელონ კაცობრიობა. უკუკავშირი პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს დამთრგუნველია ამ თვალსაზრისით, მაგრამ კაცობრიობისთვის გამოსაფხიზლებელი უნდა იყოს. იმის ნაცვლად, რომ ჩვენი კაცობრიობა ამას იაზრებდეს, და მთელი მობილიზაცია იმისკენ ჰქონდეს მიმართული, რომ მართლა გადავრჩეთ, რითია დაკავებული? ომების თემით,” – ამბობს დვალი.
www.zmna.ge