2023 წელს 12 772 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 12 772 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 535 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა.
ყველაზე მეტი – 3 111 ფაქტი, უკანონო ტყით სარგებლობას ეხება. მათგან 1465 ტყის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტია, 922 – ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების წესის დარღვევა, 724 კი – სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტია. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია 75 უკანონო სახერხი საამქრო.
2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ასევე გამოავლინეს ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2 595, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის 2097, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის – 1 477, წყლის კანონმდებლობის დარღვევის – 775, მიწის კანონმდებლობის დარღვევის – 706, წიაღის უკანონო მოპოვების – 686, ნებართვის პირობების დარღვევის/უნებართვო საქმიანობის – 454 ფაქტი. ამავე პერიოდში, სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 871 ფაქტია გამოვლენილი.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი – 2621 ფაქტი გამოავლინეს კახეთში, 2180 სამართალდარღვევაა აღკვეთილი დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 1867 – აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 1648 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 1053 – მცხეთა-მთიანეთში, 883 – შიდა ქართლში, 836 – ქვემო ქართლში, 786 კი – სამცხე-ჯავახეთში. 65 სამართალდარღვევა დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს.
რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, თბილისში 833 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი. მათგან 21 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ასევე დაგაინტერესებთ