რა მდგომარეობაა ამ დროისთვის ირანში

თეირანში, ირანის უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებების შედეგად, მასობრივი საპროტესტო აქციების სულ მცირე 217 მონაწილე დაიღუპა. ინფორმაცია ჟურნალს Time ადგილობრივმა ექიმმა ანონიმურობის პირობით გაუზიარა.
მისი თქმით, 217 მომიტინგის დაღუპვა ირანის დედაქალაქის 6 საავადმყოფოში დაფიქსირდა. მათი უმეტესობა ცეცხლსასროლი ჭრილობებისგან გარდაიცვალა. როგორც გამოცემის რესპონდენტმა აღნიშნა, 9 იანვარს ხელისუფლებამ დაღუპულთა ცხედრები საავადმყოფოებიდან გაიტანა.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ ჟურნალისტებმა ეს მონაცემები დამოუკიდებლად ვერ გადაამოწმეს.
თავის მხრივ BBC თეირანში მომუშავე მედიკოსებზე დაყრდნობით წერს, რომ დედაქალაქის საავადმყოფოები დაჭრილებითა და დაღუპულთა ცხედრებით არის გადავსებული.
საპროტესტო აქციები თეირანში ორი კვირის წინ, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო დაიწყო. მას შემდეგ გამოსვლები ირანის ყველა პროვინციის 100-ზე მეტ ქალაქსა და დაბაში გავრცელდა. ვარაუდობენ, რომ ასობით მომიტინგე დაიღუპა ან დაშავდა, კიდევ უფრო მეტი კი დაკავებულია. ვრცელდება ცნობები დაღუპული სამართალდამცველების შესახებაც.