გაციფრულების (დიგიტალიზაციის) დაუსრულებელმა პროექტმა ჩეხეთის რესპუბლიკას, შესაძლოა, ევროკავშირისგან მისაღები ათობით მილიონი კრონა დააკარგვინოს. იუსტიციის ახალი მინისტრის განცხადებით, ე.წ. „ელექტრონული დოსიე“, რომლის შექმნაზეც სახელმწიფო 18 წელია მუშაობს, დღემდე არ არის მზად და გაურკვეველია, შეძლებს თუ არა მისი უწყება დათქმული დროისთვის – მიმდინარე წლის შემოდგომისთვის – მის დროულად დასრულებას.
„როდესაც ადვოკატს საქმის მასალების გაცნობა სურს, მას ხშირად მთელი ქვეყნის მასშტაბით უწევს მგზავრობა. ეს დამატებითი ხარჯია კლიენტისთვის ან სახელმწიფოსთვის – იმის მიხედვით, თუ ვინ იხდის ადვოკატის მომსახურების საფასურს. ეს ნიშნავს, რომ აქ უზარმაზარი თანხები იხარჯება“, – აცხადებს ჩეხეთის მოსამართლეთა კავშირის პრეზიდენტი, ლიბორ ვავრა.
ჩეხეთის იუსტიციის სამინისტრო ელექტრონულ საქმისწარმოებაზე გადასვლას 2008 წლიდან ცდილობს. გაციფრულების დასრულების ვადა რამდენჯერმე გადაიდო, ბოლოს ეს გასულ წელს მოხდა. „გაციფრულება ნახევარ წელიწადში შეუძლებელია, მე ვფიქრობ, რომ ეს ერთი სახელისუფლებო ვადის განმავლობაშიც კი ვერ მოხერხდება, თუმცა მადლობა უნდა გადავუხადო ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს, რომელიც პროცესის წინ წაწევას ნამდვილად ცდილობს “, – ამბობს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ევა დეკრუა.
მისმა მემკვიდრემ, სამინისტროს ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა, იერონიმ ტეიცმა მართლმსაჯულების სისტემის გაციფრულება ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა. „ელექტრონული საქმისწარმოების მდგომარეობა ტრივიალურია. სასამართლო სისტემიდან ისმის ხმები, რომ მისი გამოსწორება შეუძლებელია და ამის გაკეთება, შესაძლოა, საერთოდ ვერ მოხერხდეს, მაგრამ ეს ევროპული ფონდებიდან თითქმის 90 მილიონი ჩეხური კრონის დაკარგვას ნიშნავს და მე მსურს, ეს თავიდან ავიცილო“, – დასძინა მან.
უწყებამ, შესაძლოა, დაფინანსება დაკარგოს, თუ დიგიტალიზაციის პროექტი მიმდინარე წლის ოქტომბერში არ დასრულდება. „გაციფრულებამ პერსონალის რესურსი უნდა დაზოგოს და ჩვენ ვეცდებით, ეს პროცესი მაქსიმალურად დავაჩქაროთ“, – პირობა დადო მმართველი „სამოქალაქო დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარის მოადგილემ, რადიმ ფიალამ.
„მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი კონტრაქტორი შეირჩა, ჩემი აზრით, მის მიერ გაწეული სამუშაო მის ცნობადობას სრულად არ შეესაბამება“, – აღნიშნა პარლამენტის საკონსტიტუციო სამართლის კომიტეტის ამჟამინდელმა ვიცე-თავმჯდომარემ და იუსტიციის ყოფილი მინისტრის მოადგილემ, კარელ დვორჟაკმა.
კომპანია, რომელსაც სასამართლო საქმეების გაციფრულება უნდა მოეხდინა, კრიტიკას არ გამოხმაურებია. კონტრაქტის მიხედვით, მან ამ სამუშაოსთვის 170 მილიონი ჩეხური კრონა უნდა მიიღოს. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ჯარიმებს საქმის დაგვიანებული შესრულებისთვის. თავდაპირველად, მოსამართლეებს კომპიუტერიზებული ფაილების ტესტირება 2023 წლის შემოდგომაზე უნდა დაეწყოთ, მაგრამ ისინი დღემდე თაროებზეა შემოდებული.
წყარო: 1 არხი




