ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში კვიპროსი კორუფციის შესახებ ბრალდებებს აწყდება, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
როგორც გამოცემა იუწყება, საქმე ეხება X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს, სადაც წარმოდგენილი არიან უმაღლესი თანამდებობის პირები, რომლებიც, როგორც ჩანს, აღწერენ გზებს, როგორ აუარონ გვერდი საარჩევნო ხარჯების ლიმიტს და ამისთვის ფულადი შემოწირულობები გამოიყენონ; ასევე განიხილავენ სქემას, რომელიც ბიზნესმენებს საშუალებას აძლევთ, დაუახლოვდნენ პრეზიდენტსა და პირველ ლედის.
ამასთან, გავრცელებული ვიდეოს ერთ-ერთ მონაკვეთში საუბარი იყო რუსებისთვის დახმარებაზე ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების თავიდან აცილების გზით.
კვიპროსის მთავრობა უარყოფს ვიდეოში გამოთქმულ ბრალდებებს და მას „ჰიბრიდულ აქტივობას“ უწოდებს, რომელიც მიზნად ისახავს „მთავრობისა და ქვეყნის იმიჯის“ დაზიანებას.
როგორც „პოლიტიკო” წერს, მთავრობა არ ამბობს, რომ ვიდეო ყალბია, მაგრამ ირწმუნება, რომ მისი შინაარსი შეცდომაში შემყვანია.
გამოცემა იუწყება, რომ, როგორც ჩანს, კადრები კერძო შეხვედრებზე ფარული კამერებით არის გადაღებული.
კვიპროსის პრეზიდენტმა, ნიკოს ქრისტოდულიდესმა მკაცრად უპასუხა საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების შესახებ ვარაუდს.
„მე მსურს, საჯაროდ მივმართო ყველას, ვისაც აქვს მტკიცებულება პირდაპირი თუ არაპირდაპირი ფინანსური სარგებლის შესახებ საარჩევნო კამპანიის დროს ან პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში, დაუყოვნებლივ წარუდგინოს ისინი კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს. მე არავის, აბსოლუტურად არავის არ მივცემ უფლებას, დამადანაშაულოს კორუფციაში“, – განაცხადა კვიპროსის პრეზიდენტმა.
როგორც „პოლიტიკო” წერს, ვიდეო სოციალურ მედია X-ზე, „ემილი ტომპსონის“ სახელით არსებულ ანგარიშზე გამოქვეყნდა, რომლის აღწერაშიც ნათქვამია, რომ ტომპსონი არის „დამოუკიდებელი მკვლევარი, ანალიტიკოსი და ლექტორი, რომელიც ძირითადად ამერიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზეა ორიენტირებული“. თუმცა ანგარიშის უკან მდგომი პირის რეალური ვინაობის დამადასტურებელი საჯარო და გადამოწმებული ინფორმაციის მოძიება ვერ მოხერხდა.
ვიდეოში ყოფილი ენერგეტიკის მინისტრის, ჯორჯ ლაკოტრიპისის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის დირექტორის, ხარალამბოს ხარალამბუსის კადრებია. ჩანაწერებში ლაკოტრიპისი წარმოდგენილია როგორც საკონტაქტო პირი იმ ადამიანებისთვის, ვინც ცდილობს, დაუახლოვდეს ქრისტოდულიდესს.
ლაკოტრიპისის განცხადებით, ვიდეოდან ნათლად ჩანს, რომ კადრები დამონტაჟებულია, რათა ზიანი მიაყენონ კვიპროსსა და პირადად მას. მისივე თქმით, საჩივარი შეიტანა პოლიციაში. ვიდეოს შემდეგ ეპიზოდში კი ნაჩვენებია ხარალამბუსი, ქრისტოდულიდესის ცოლის ძმა.
ცნობისთვის, კვიპროსში საპარლამენტო არჩევნები მაისშია დაგეგმილი, ხოლო შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2028 წელს გაიმართება.
1tv.ge




