გახსოვთ Facebook-ის ის ადრეული წლები, დაახლოებით 2006-იდან, როდესაც პლატფორმის გახსნისას პოსტები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ჩანდა? დღეს, თითქმის 20 წლის შემდეგ, სურათი მნიშვნელოვნად შეცვლილია.
Facebook თავდაპირველად შეიქმნა, როგორც სივრცე, სადაც ადამიანები მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან აზრებსა და ფოტოებს აზიარებდნენ. დღეს კი პლატფორმა სრულფასოვან გარემოდ გადაიქცა „საზოგადოებების” შესაქმნელად და ბიზნესის გასაზრდელად. მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიწერონ კონტენტკრეატორები და ბრენდები, გაწევრიანდნენ ჯგუფებში, გაავრცელონ ღონისძიებები და აქტივობები. ტექსტურ და ფოტოპოსტებთან ერთად გაჩნდა სთორები, რილსები, ლაივტრანსლაციები და სხვა.
ამდენი ახალი ფუნქციის დამატებასთან ერთად ლოგიკურია, რომ Facebook-ის ალგორითმიც შეიცვალა. ალგორითმი არის რეიტინგული სისტემა, რომელიც მანქანური სწავლების გამოყენებით ადგენს, რა კონტენტი გამოჩნდება მომხმარებლის ფიდში. ერთიანი ქრონოლოგიური ფიდის ნაცვლად, დღეს Facebook რამდენიმე სხვადასხვა ფიდისგან შედგება, რაც ნიშნავს რამდენიმე ალგორითმს. ეს ალგორითმები ერთად მუშაობს და წყვეტს, რას ხედავს მომხმარებელი აპლიკაციის გახსნისას.
Facebook-ის ალგორითმების მუშაობის გაგება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საწყისი წერტილია იმისთვის, რომ თქვენი კონტენტი რაც შეიძლება მეტ ადამიანს მისწვდეს. როცა იცით, რას აქცევს ყურადღებას Facebook, პოსტების ჩვენებისას, უფრო გააზრებულ გადაწყვეტილებებს მიიღებთ, რას აქვეყნებთ, როდის და რატომ.
როგორ მუშაობს Facebook-ის ალგორითმი
Facebook-ის ალგორითმი შეიქმნა იმისთვის, რომ მომხმარებლებს აჩვენოს უფრო საინტერესო და მათზე მორგებული კონტენტი, რომელიც მათ აპლიკაციაში მეტხანს დარჩენას უბიძგებს.
როგორც თავად კომპანია განმარტავს, Facebook-ის მიზანია, მომხმარებლებმა ნახონ პოსტები იმ ადამიანებისგან, რომლებიც მათთვის საინტერესოა. ამ მიზნის მისაღწევად, მომხმარებლის ფიდში მოხვედრილი კონტენტი სამ ძირითად კატეგორიად იყოფა: დაკავშირებული (related) კონტენტი, რეკომენდებული კონტენტი და რეკლამები. რადგან ეს სტატია ალგორითმს ეხება და არა რეკლამას, აქ ყურადღებას პირველ ორ კატეგორიაზე გავამახვილებთ.
როგორ აფასებს Facebook დაკავშირებულ კონტენტს
თუ მომხმარებელი თქვენი მეგობარია (პირადი პროფილის შემთხვევაში), ან მოწონებული აქვს თქვენი გვერდი (ბიზნესებისა და კრეატორებისთვის), თქვენი კონტენტი შესაძლოა მის მთავარ ფიდში გამოჩნდეს.
პირველ ეტაპზე ალგორითმი ამოწმებს, რა პოსტებია ხელმისაწვდომი: მეგობრების, გამოწერილი გვერდებისა თუ გაწევრიანებული ჯგუფებიდან. ამ ეტაპზევე იფილტრება ის მასალა, რომელიც Facebook-ის Community Standards-ს არღვევს.
შემდეგ ალგორითმი სწავლობს ე.წ. „სიგნალებს“, ფაქტორებს, რომლებიც განსაზღვრავსრამდენად რელევანტურია კონკრეტული პოსტი კონკრეტული მომხმარებლისთვის. ასეთი სიგნალები ათასობითაა და ეფუძნება როგორც მომხმარებლის ქცევას, ისე თავად კონტენტის მახასიათებლებს.
ალგორითმი აკვირდება, რა ტიპის კონტენტს ხედავდა მომხმარებელი ბოლო პერიოდში, რამდენ ხანს ჩერდება ფიდში, რამდენი კომენტარი და რეაქცია აქვს პოსტს და რამდენად აქტიურია მათ შორის ურთიერთქმედება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ურთიერთობის ისტორია პოსტის ავტორთან – კომენტარები, რეაქციები და პირადი შეტყობინებებიც კი.
შემდეგ ამ მონაცემებზე დაყრდნობით Facebook აკეთებს პროგნოზს, რამდენად დიდი ალბათობაა, რომ მომხმარებელი ამ პოსტით დაინტერესდება და მასზე იმოქმედებს. საბოლოოდ თითოეულ პოსტს ენიჭება რელევანტურობის ქულა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მისი ადგილი ფიდში.
როგორ ხდება რეკომენდებული კონტენტის შერჩევა
რეკომენდებული კონტენტი Facebook-ზე ბრენდებსა და კრეატორებს საშუალებას აძლევს, რეკლამის გარეშე მიაღწიონ ახალ აუდიტორიას. ასეთი კონტენტი უჩანთ იმ მომხმარებლებსაც კი, რომელთაც ჯერ არ ჰყავხართ გამოწერილი. საუკეთესო პრაქტიკა Facebook-ზე წარმატებისთვის.
საუკეთესო პრაქტიკები
Facebook-ის ალგორითმის „მოტყუება“ შეუძლებელია, თუმცა არსებობს გზები, რომლებიც ზრდის წარმატების შანსს. რეგულარული გამოქვეყნება ეხმარება როგორც აუდიტორიას, ისე ალგორითმს უკეთ გაგებაში, რას სთავაზობთ მომხმარებლებს.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ისეთი კონტენტის შექმნა, რომელიც რეალურ რეაქციას იწვევს. თუ თქვენი პოსტის გაზიარება მეგობრისთვის მოუნდათ, ესე იგი, სწორ გზას ადგახართ.
· ჩართულობა უნდა იყოს ორმხრივი. კომენტარებზე პასუხი, შეტყობინებების დროული წაკითხვა და რეაგირება აჩვენებს, რომ ბრენდი ან კრეატორი რეალურად ურთიერთობს აუდიტორიასთან;
· Facebook-ზე განსაკუთრებით კარგად მუშაობს ფოტოები, ტექსტური პოსტები, რილსები. ბმულების გამოყენება დასაშვებია, თუმცა ზომიერად;
· ვიდეო, განსაკუთრებით მოკლე ფორმატის, დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზაა ზრდისთვის. რილსებს საკუთარი ფიდი აქვთ და ხშირად რეკომენდაციებში ხვდება;
· მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტი, რეალური შეფასებები და ტეგები ქმნის ნდობას და აძლიერებს ბრენდის ავთენტურობას;
· და ბოლოს, Community Standards-ის დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. წესების განმეორებით დარღვევას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს თქვენი კონტენტის გავრცელება ან საერთოდ დაგბლოკოთ პლატფორმაზე.
იმუშავე ალგორითმთან ერთად და არა მის წინააღმდეგ
Facebook-ზე წარმატება სწრაფად არ მოდის. ეს გრძელვადიანი პროცესია, რომელიც ეფუძნება ხარისხიან კონტენტს, გულწრფელ ჩართულობას და პლატფორმის წესების პატივისცემას.
www.marketer.ge




