ირანში კრიზისი ღრმავდება – მასობრივი პროტესტების დროს სულ მცირე 217 ადამიანი დაიღუპა 10.01.26 18:18

ირანში მასობრივი პროტესტების დროს სულ მცირე 217 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Time თეირანში მომუშავე ექიმზე დაყრდნობით წერს. აღნიშნულია, რომ დაღუპულთა უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ.
„დედაქალაქის ექვსმა საავადმყოფომ პროტესტში მონაწილე პირებს შორის სულ მცირე 217 გარდაცვალება დააფიქსირა“, – განაცხადა ექიმმა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააფრთხილა, რომ შეერთებული შტატები ირანს დაარტყამს, თუ პროტესტის მონაწილეების მკვლელობა გაგრძელდება.
ირანში მასობრივი გამოსვლები დეკემბრის ბოლოდან მიმდინარეობს და ისინი არეულობებში გადაიზარდა. ეს ვითარება ეროვნული ვალუტის, ირანული რიალის მკვეთრმა გაუფასურებამ გამოიწვია, რომელმაც არაოფიციალურ ბაზარზე ისტორიულ მინიმუმებს მიაღწია. თავდაპირველად თეირანში საპროტესტო აქციებზე გამოვიდნენ ვაჭრები და მაღაზიების მფლობელები, რომლებმაც სავაჭრო ობიექტები დახურეს. მოგვიანებით მათ სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ.
მედიის ცნობით, პროტესტს მხარს უჭერს 1979 წელს დამხობილი შაჰის, მოჰამად რეზა ფეჰლევის შვილი. მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება „გამაერთიანებელი ფიგურა“, რომელიც დაეხმარება მას „ტირანიიდან დემოკრატიულ მომავალში გადასვლაში“ და ასეთ ფიგურად საკუთარ თავს მიიჩნევს.
მანამდე ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა მთავრობას მოუწოდა, გაითვალისწინოს პროტესტის მონაწილეთა „კანონიერი მოთხოვნები“. მან შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა დემონსტრანტებთან დიალოგის დაწყება და პრობლემების მოსაგვარებლად ყველა რესურსის გამოყენება.
პროტესტების ფონზე ირანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა მოჰამად ფარზინმა თანამდებობა დატოვა. მარეგულირებლის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა აბდულ ნასერ ჰემმათი, რომელიც მანამდე ეკონომიკის მინისტრი იყო და ადრე უკვე ხელმძღვანელობდა ცენტრალურ ბანკს.
tvpirveli.ge