ვენეციის კომისიამ თავისი ფუნქცია დაკარგა და გადაიქცა ბიუროკრატიულ დანამატად ბრიუსელის ბიუროკრატიისთვის – არანაირი ანალიზი, პირდაპირ მოხტომა პოლიტიკური ხელკეტით საქართველოსადმი და ყოველგვარი ანალიზის გარეშე პოლიტიკური განცხადებების კეთება – ეს არის ის ნიშანი, რომელიც ახასიათებს დღეს ვენეციის კომისიას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის შეფასებით, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ვენეციის კომისიის მიმართ პრაგმატულ ხედვებს გამოხატავს. მისივე თქმით, კომისიას საქართველოსთან მიმართებითაც ჰქონდა სერიოზული პრეტენზიები, თუმცა როდესაც საკითხს ჩაუღრმავდნენ, დაინახეს, რომ „ვენეციის კომისია ჩამოყალიბდა, როგორც ხელკეტი კონკრეტული ქვეყნის მიმართ, რომელთა დაკავშირებითაც თავისი პოლიტიკური შეხედულებები აქვს მარტა კოსს, კაია კალასს ან იუკნევიჩიანეს“.
„მათი მსახური გახდა, კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მქონე ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, თავის დროზე, საკმაოდ კარგი ინსტიტუტი, რომელიც პროფესიონალურ რჩევებს აძლევდა განვითარებად ქვეყნებს და ა.შ. საქართველოსთან მიმართებაში ეს არის აბსოლუტურად მიკერძოებული ორგანიზაცია. რასაკვირველია, ჩვენ ერთი და იგივე მიზეზით არ გამოვხატავთ პრეტენზიას ამ ორგანიზაციის მიმართ, მაგრამ ფაქტია, რომ ვენეციის კომისიამ თავისი ფუნქცია დაკარგა და გადაიქცა ბიუროკრატიულ დანამატად ბრიუსელის ბიუროკრატიისთვის.
როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ვენეციის კომისია რაღაც პოლიტიკურ სტრუქტურად გადაიქცა, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიას ეხმარება ან მისი დანამატია, იმისთვის, რათა პოლიტიკური შეტევა განახორციელოს, ამ შემთხვევაში, საქართველოს მიმართ, ვგულისხმობთ, რა შენიშვნებიც მივიღებთ სხვადასხვა კანონპროექტებთან და შემდეგ კანონებთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა გამჭვირვალობას ან ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის თემას ან სხვა საკითხებთან მიმართებაში. აბსოლუტურად წარმოუდგენელია მისი ასეთი ჩარევა ან დასკვნები იმ კანონთან ან პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც პარტიების აკრძალვას გულისხმობს, ვინაიდან არც ერთხელ არ უთქვამთ არაფერი, არ გაუანალიზებიათ ის ვითარება, რომელიც შექმნა ამ კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ, როდესაც ის ხელისუფლებაში იყო. ის მასშტაბი ადამიანის წამების და ადამიანის უფლებების დარღვევისა არ ახსოვს ამ რეგიონს და თუნდაც ავტორიტარული რეჟიმების მქონე ქვეყნებსაც კი. ამის ანალიზის გარეშე გამოხვიდე და შენი დასკვნა გააკეთო, რასაკვირველია, მიკერძოებაა. შეიძლება ანალიზი გააკეთო და თქვა, რომ დიახ, დარღვევები იყო და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დაეთანხმო, რომ წამებას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამიტომ და ამიტომ, არ შეიძლება პოლიტიკური პარტიების გაუქმებაზე ლაპარაკი. აქ არ არის ამაზე საუბარი, არანაირი ანალიზი – პირდაპირ მოხტომა პოლიტიკური ხელკეტით საქართველოსადმი და ყოველგვარი ანალიზის გარეშე პოლიტიკური განცხადებების კეთება, ეს არის ის ნიშანი, რომელიც ახასიათებს დღეს ვენეციის კომისიას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.




