ჰაბლის ტელესკოპმა ცაზე „სენდვიჩი“ დააფიქსირა

ამბავი ასეთია: ასტრონომებმა პლანეტის ფორმირების დისკი აღმოაჩინეს, რომელიც სტეროიდებზე არსებულ მზის სისტემას ჰგავს… თუმცა ვიზუალურად ზოგი მეცნიერი ბურგერს ამსგავსებს, ზოგი სენდვიჩს და ამასობაში Dracula’s Chivito-ც უწოდეს.
ნასას ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ახალი სურათები უზარმაზარ, უცნაური ფორმის აირებისა და მტვრის დისკს ასახავს, რომელიც ცალკეული მასიური ვარსკვლავის ან 1000 სინათლის წლით დაშორებული წყვილი ვარსკვლავების ირგვლივ ტრიალებს. ეს „რაღაც“ თითქმის 400 მილიარდ მილს ფარავს, რითაც 40-ჯერ აღემატება მზის გარშემო არსებული ყველა ობიექტის სიგანეს, მათ შორის კოიპერის სარტყლის კიდესაც.
ტელესკოპმა ეს სისტემა გვერდითა პროფილიდან დააფიქსირა, რაც მკვლევრებს მისი სტრუქტურის დეტალურად შესწავლის შესაძლებლობას სთავაზობს. ეს კი, როგორც კვლევის წამყვანი ავტორი კრისტინა მონში გვეუბნება, ობიექტს, რომელიც IRAS 23077+6707-ის სახელით არის ცნობილი, პლანეტების წარმოშობის ინდუსტრიის ერთგვარ ლაბორატორიად აქცევს — „პლანეტების ბაღები იმაზე უფრო აქტიური და ქაოტური შეიძლება იყოს, ვიდრე ველოდით“.
გვერდითა პროფილიდან დაფიქსირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამბავია, რადგან ასე ვარსკვლავის პირდაპირი სინათლე იბლოკება და მისი შესწავლაც მარტივდება. ეს ე. წ. პროპლანეტარული დისკები კი ბუნებრივად ყალიბდება ვარსკვლავების დაბადებისას, ისინი ნედლ მასალას გვთავაზობს, რაც შემდგომში ეგზოპლანეტად, მთვარედ, ასტეროიდად ან კომეტად ყალიბდება. ამიტომაც იმის გასაგებად, თუ როგორ ვითარდება პლანეტარული სისტემები, მეცნიერებმა უნდა გაიგონ, როგორ არის ეს დისკები შიგნიდან სტრუქტურირებული და როგორ იცვლება იგი დროთა განმავლობაში.
თეორიულად ახლად აღმოჩენილი ობიექტი დიდ პლანეტარულ სისტემას უნდა მასპინძლობდეს. დისკის მასა იუპიტერის მასას 10-30-ჯერ აღემატება, რითაც შესანიშნავი წყარო ხდება მრავალი აირისებრი გიგანტის საწარმოებლად. თუმცა რეალურად სურათები არ აჩვენებს, პლანეტები უკვე ფორმირების ფაზაშია თუ არა, ან საერთოდ, რამდენი შეიძლება მისგან ჩამოყალიბდეს.
ამის სანაცვლოდ, რაღაც უფრო ფუნდამენტურს ვიგებთ — გარემო, რომელშიც პლანეტები ყალიბდება, დაბალანსებული არ არის და იმაზე უფრო აქტიურია, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ ფოტო გამოსროლილ აირებს არ ასახავს, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დისკი უფრო მოწიფულ ასაკში უნდა იყოს. გაჩენილ კითხვებს კი პასუხებს სამომავლო კვლევები გასცემს.
„გაოცებული ვიყავით ამ დისკის ასიმეტრიულობით. ჰაბლის ტელესკოპმა გვაჩვენა ის ქაოტური პროცესები, რომლებიც დისკებს ქმნის ახალი პლანეტების ფორმირების პროცესში — პროცესის, რომელიც სრულად გააზრებული არ გვაქვს, მაგრამ ახლა სრულიად ახლებური გზით შეგვიძლია, შევისწავლოთ“.