ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი მოედანზე ერთმანეთს მშვენივრად უგებენ. ნიგერიელმა ფორვარდმა მომავალ ზაფხულს სავარაუდო წასვლის შესახებ თქვა. შესაძლოა, ეს წყვილი დაიშალოს…
ცოტა ხნის წიმ ვიქტორისა და “კვარას” აგენტის “გადალაპარაკება” ვნახეთ. კარგად მოგეხსენებათ იმ გამოხმაურებების შესახებ, რაც სერია “ა”-ს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს მოჰყვა, სადაც მარადონა გვირგვინს ხვიჩა კვარაცხელიას ადგამს. საქმე ნიგერიის პრეზიდენტამდეც კი მივიდა. გულშემატკივრებს ზოგჯერ რადიკალიზმში გადასვლა სჩვევიათ და ამა თუ იმ საკითხს ზედმეტად ემოციურად აღიქვამენ. არადა, ამის საჭიროება საერთოდ არ იდგა, “კვარასა” და ოსიმენის ურთიერთქმედება სასიამოვნო საცქერია. ისინი ერთმანეთისგან
რადიკალურად განსხვავებული ტრადიციების, ისტორიისა და კულტურის ქვეყნებს წარმოადგენენ. ამის მიუხედავად, ერთმანეთს მთელი არსით უგებენ, წარმატებაზეც მსგავსი რეაქციები აქვთ და წარუმატებლობის შემთხვევაში, ურთიერთდამშვიდებასაც ცდილობენ.
რთულია პირველივე სეზონში მოედანზე ისეთ ურთიერთგაგებას მიაღწიო, როგორიც “ნაპოლის” შემტევებს გააჩნდათ. როგორც ხვიჩას, ასევე ვიქტორს, კარიერაში საუკეთესო სეზონი ჰქონდათ, რაშიც ერთმანეთის წვლილი საკმაოდ დიდია. შესაძლოა, ეგოისტური ეპიზოდებიც გვინახავს, თუმცა ესეც ჩვეულებრივი ამბავია, ისე კი, ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთის შემჩნევას ყოველთვის ცდილობს და ახერხებს. ოსიმენს საოცარი ბრძოლისუნარიანობა გააჩნია, რომლის ხარჯზეც ხშირად ის თითქოს მიმქრალ და უპერსპექტივო შეტევას ახალ სულს შთაბერავს. კვარაცხელიას ყოველთვის შეუძლია, რაღაც განსაკუთრებული შემოგვთავაზოს და შეასრულოს ის, რისი ჩაფიქრებაც კი უკვე რთულია. “ნაპოლის” მე-9 და 77-ე ნომრებს ერთმანეთის დახმარება მხოლოდ შედეგიანი პასის გაკეთებით არ შეუძლიათ, მათზე გაზრდილი ყურადღებით, თანაგუნდელებს უფრო მეტ სივრცეს უტოვებენ. ოსიმენის მიმართ ქართველ გულშემატკივრებს კარგი დამოკიდებულება აქვთ და ინტერესი ნიგერიის მიმართაც გაიზარდა, რომელთაც საფეხბურთო ტრადიციებიც საკმარისად მოეპოვებათ. ვიცით ოსიმენის რთული გზა და წარსული, თუმცა ის დასახულ მიზანს ბოლომდე მიჰყვა და ისტორია დაწერა…
ნიგერიის ისტორიის დიდი ნაწილი სხვადასხვა სამეფოს კოლონიად ყოფნა თუ სამოქალაქო ომში ჩართვა იყო. მიიჩნევა, რომ პირველი მიუკერძოებელი და თავისუფალი არჩევნები აქ 2011 წლამდე არ ჩატარებულა.
ნიგერიას “აფრიკის გიგანტს” უწოდებენ. 2022 წელს დედამიწა მერვამილიარდე ადამიანს შეეგება. ნიგერიაში 224 მილიონი მცხოვრებია, რაც აფრიკის კონტინენტზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 57 წლამდე გაიზარდა, თუმცა ეს მაინც საკმაოდ უკანაა იმასთან, რაც უნდა იყოს. ნიგერიაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მოსახლეობაა. არსებული პროგნოზით, 2050 წლისთვის 377 მილიონ ადამიანს გაუტოლდება და დედამიწის რიგით მესამე ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა გახდება – ინდოეთისა და ჩინეთის შემდეგ. აქ ბევრი პრობლემაა ჯანდაცვის, განათლებისა და საყოფაცხოვრებო პირობების ირგვლივ. ცოტა ხნის წინ ამ ქვეყნის პრეზიდენტი ამბობდა:
“გული მიწუხს, როდესაც ურიცხვ ადამიანს ვხედავ პარკებში, ბაზრებსა თუ ხიდების ქვეშ. როგორ უნდა გამოვკვებოთ ეს უსწრაფესად მზარდი მოსახლეობა?!”
ბოლო წლებში ათასობით ნიგერიელი გაიტაცეს გამოსასყიდის სანაცვლოდ. აქაურების კიდევ ერთი პრობლემა ძლიერ სეზონურ წვიმებს უკავშირდება, რაც არაერთ სირთულეს ქმნის…
ნიგერიულ ფეხბურთს დიდი ვარსკვლავები ახსოვს. მათი ნაკრების ზედმეტსახელი “სუპერარწივებია”. 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდათ და მომავალი ნახევარფინალური ბულგარეთის ნაკრები დიდი ანგარიშით (3:0) დაამარცხეს. ეს მატჩი ბევრს რაშიდი იეკინის გოლის შემდეგი რეაქციით ახსოვს – ბადეზე შემოხვევა და ლოცვა. სამწუხაროდ, “მარტორქად” წოდებული მოთამაშე, არაერთ დაავადებას რომ ებრძოდა, ნაადრევად გარდაიცვალა.
ნიგერიელებს ჯადოსნური სანახაობის შემქმნელი ჯეი-ჯეი ოკოჩა ჰყავდათ. მისი ერთგან ნათქვამი სიტყვები ზუსტად ასახავს იმას, თუ როგორ იწყებენ აქაური ფეხბურთელები და რამხელა ოცნებებს “ეთამაშებიან”:
“ვთამაშობდით ყველაფრით, რაც კი მრგვალი იყო და როცა ფეხის ბურთზე შეხებას მოვახერხებდით, ეს დღესასწაულად მიიჩნეოდა.”
90-იანების ნიგერიაში სხვა დასამახსოვრებელი ხალხიც თამაშობდა – დანიელ ამოკაჩი, სანდი ოლისე, ნვანკო კანუ, ტიჯანი ბაბანგიდა. უფრო გვიან ობაფემი მარტინსის გოლის ორიგინალურად აღნიშვნები გვახსოვს, მან იტალიის ჩემპიონატში 28 გოლი გაიტანა.
საქართველოს ნაკრებმა ნიგერიელებთან 1994 წელს ამხანაგური მატჩი დიდი ანგარიშით (1:5) წააგო. ამის მთავარ მიზეზად ძლიერ სიცხეს ასახლებენ, რაც დედაქალაქ ლაგოსში იდგა, თუმცა ყველაფერი არც ასე მარტივადაა. შეხვედრაში რევაზ არველაძის გოლით დავწინაურდით. ამის შემდეგ ზემოთხსენებული იეკინის დუბლი იყო…
ნიგერიელებთან სკანდალთანაც ახლოს ვიყავით. გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ მათი ახალგაზრდული ნაკრები სათამაშოდ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩადიოდა. საქმეში ფიფა ჩაერთო და საბოლოოდ, ეს ამბავი არ დადასტურდა…
თუკი ქართულ-ნიგერიული დუეტი არ დაიშლება, რისი შანსიც დიდი არაა, ისინი მომავალშიც ბევრ საინტერესოსა და დასამახსოვრებელს შემოგვთავაზებენ.