მაკრონის ოფისი: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია გმობენ ირანში დემონსტრანტების ხოცვას

საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერებმა 9 იანვარს დაგმეს ირანში საპროტესტო აქციების მონაწილეთა ხოცვა და ირანის ხელისუფლებას მოუწოდეს თავი შეიკავოს ძალადობისგან – ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში, რომელიც გაავრცელა საფრანგეთის პრეზიდენტის, ს ოფისმა.
“ირანის ხელისუფლებას ეკისრება თავისი მოსახლეობის დაცვის პასუხისმგებლობა და მან უნდა დაუშვას გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებები, შურისძიების შიშის გარეშე” – წერია განცხადებაში.
უფრო ადრე, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, კაია კალასმა თქვა, რომ ირანის უსაფრთხოების ძალების მხრიდან საპროტესტო აქციების მიმართ გატარებული ზომები “დისპროპორციულია” და რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია.
“ინტერნეტის გათიშვა, მაშინ, როცა მიმდინარეობს დემონსტრაციების ძალადობრივი ჩახშობა, ააშკარავებს რეჟიმს, რომელსაც საკუთარი ხალხის ეშინია”, – წერს კალასი პლატფორმა ⁠X-ზე.
მანამდე, ყველაზე მასშტაბური ქუჩის დემონსტრაციის შემდეგ, ირანის უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ განაცხადა: „ისლამური რესპუბლიკა უკან არ დაიხევს“.
ისლამური რესპუბლიკის ლიდერმა მომიტინგეებს „დივერსანტების, არეულობის მონაწილეებისა და ქვეყნისთვის მავნე ადამიანების ჯგუფი“ უწოდა და განაცხადა, რომ ისინი „ქვეყნის შენობებს ანგრევდნენ ამერიკის პრეზიდენტის სიამოვნებისთვის“. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ისლამური რესპუბლიკა უკან არ დაიხევს დივერსანტების წინაშე“.
ფორუმი