პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ პოლონეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი მარიუშ კამინსკი და მისი მოადგილე მაჩიეი ვონშიკი შეიწყალა. 2024 წლის იანვრის დასაწყისში კამისნსკი და ვონშიკი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ე.წ. მიწის საქმეში ძალაუფლების გადაჭარბებისთვის დააკავეს.
“გადაწყვეტილება შეწყალების შესაღებ მიღებულია. ორივე მათგანი შეწყალებულია” – თქვა ანდჟეი დუდამ განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დუდა დაჟინებით ითხოვდა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მარიუშ კამინსკის შეწყალებას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. როგორც ცნობილია, კამინსკი და ვონშიკი თავს პოლიტპატიმრებად მიიჩნევდნენ და პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს.
პოლონეთის ახალმა პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ დასჯიდა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს იმ დანაშაულებისთვის, რასაც ისინი წლების განმავლობაში ჩადიოდნენ.
პრეზიდენტმა დუდამ კამინსკი და ვონშიკი აქამდე 2015 წელს შეიწყალა, თუმცა პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება 2023 წელს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა, რადგან პრეზიდენტმა შეწყალების გადაწყვეტილება განაჩენის გამოტანამდე ორი კვირით ადრე გამოაცხადა. ამჯერად, ანდჟეი დუდამ შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება საზოგადოებას სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ აცნობა.
10 იანვარს ვარშავაში პოლონეთის პოლიციამ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, მარიუშ კამინსკი და მისი მოადგილე, მაჩიეი ვონშიკი დააკავა.
პოლიტიკოსები დააკავეს 9 იანვრის ღამეს, პრეზიდენტის სასახლეში, სადაც ისინი საკუთარი მრჩევლების დანიშვნის ცერემონიაზე პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ დაიბარა. დუდა დაკავების დროს შენობაში არ იმყოფებოდა, ის ბელვედერის სასახლეში იყო და ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ხვდებოდა.
პოლიციამ აღნიშნა, რომ კამინსკი და ვონშიკი სასამართლოს მიერ 8 იანვარს გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე დააკავეს. პოლიტიკოსები დაკავებით გაკვირვებული იყვნენ, თუმცა, წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.
2015 წელს ვარშავის სასამართლომ მარიუშ კამინსკისა და მაჩიეი ვონშიკს თავისუფლების 3 წლით აღკვეთა მიუსაჯა. მათ 2007 წლის ე.წ. მიწის საქმეში ძალაუფლების გადაჭარბება ედებოდათ ბრალად.
2007 წელს კამინსკი პოლონეთის ცენტრალური ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი იყო და ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ მაღალჩინოსნები მიწის ნაკვეთების ოპერაციებში დახმარებისთვის ქრთამს იხდიდნენ.
2015 წელს კამინსკი და ვონშიკი ანდჟეი დუდამ შეიწყალა, თუმცა 2023-ში უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააუქმა და საქმის ხელახალი გადახედვა დაიწყო. დეკემბრის ბოლოს სასამართლომ კამინსკისა და ვონშიკს თავისუფლების 2 წლით აღკვეთა შეუფარდა. მათ ჩამოერთვათ სეიმში არსებული მანდატებიც, რომლებიც პარტია კანონი და სამართლიანობის ფარგლებში ჰქონდათ. ამავე პარტიის წევრია პრეზიდენტი დუდაც.
მთავრობის მიერ პოლიტიკოსების დაკავებას პარტია კანონი და სამართლიანობის წევრების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მათი თქმით, ახალი პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი კანონის უზენაესობის პრინციპს არღვევს.
11 იანვარს პარლამენტის წინ აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც კამინსკისა და ვონშიკის გათავისუფლებას ითხოვენ და ტუსკის მთავრობის გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ. თვითონ დაკავებულმა პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ შიმშილობას გამოაცხდებენ.