მესაკუთრეთა დაცვის ცენტრის დირექტორის, გიორგი სუხიტაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დარეჯან დვალმა კეკელიძის ქუჩაზე მარინე ხატიაშვილის ბინა 2018 წლის 19 თებერვალს, საჯარო აუქციონზე იყიდა. მისივე მტკიცებით, დარეჯან დვალს წინა მესაკუთრის მიერ “კერძო იპოთეკარისგან ნასესხები თანხა, 15 000 აშშ დოლარი გადმოყვა ვალდებულის სახით, რომელიც მან დამატებით გადაიხადა იმავე წლის მარტის თვეში”. გიორგი სუხიტაშვილის განცხადებით, მარინე ხატიაშვილი მოლაპარაკებაზე უარს აცხადებდა, რის გამოც, სასამართლოს მისი გამოსახლების მოთხოვნით მიმართეს.
“მოცემული პერიოდიდან დღევანდელ დღემდე დარეჯან დვალის და ასევე ჩემი, როგორც მისი ადვოკატის მიმართ გამუდმებით მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური და მორალური ტერორი და მუქარა მარინე ხატიაშვილის და მისი ე.წ. დამცველების მხრიდან, საზოგადოებას გამუდმებით აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციებს, თითქოსდა მარინე ხატიაშვილს გადახდილი ჰქონდა თანხები დარეჯან დვალისთვის, თითქოს ის უსახლკაროდ რჩებოდა და ზემოთაღნიშნული ბინა ვითომ წარმოადგენდა მის უკანასკნელ საცხოვრისს, რაც არის მცდარი ინფორმაცია.
2018 წლიდან დღემდე აღსრულების ბიურომ 5-ჯერ გადადო და გადაავადა გამოსახლება. ჩვენს საბოლოო შეთავაზებას წარმოადგენდა, მარინე ხატიაშვილისთვის, იმ პირობით, რომ ის ნებაყოფლობით გამოვიდოდა ბინიდან, დარეჯან დვალი მას ჩუქნიდა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე გარემონტებულ, კეთილმოწყობილ საცხოვრებელ სახლს, რაზედაც მან კვლავ უარი განაცხადა.
და ბოლოს, ჩვენ მიერ კიდევ ერთხელ ხდება კეთილი ნების გამოვლენა და მარინე ხატიაშვილს ვთავაზობთ ზემოთაღნიშნული სახლის ჩუქების საფუძველზე საკუთრებაში გადაცემას, იმ პირობით, თუკი ის აიღებს პასუხისმგებლობას, რომ ის და მისი დამცველები მოგვცემენ პირობას, რომ სამომავლოდ არავითარი დაპირისპირება მხარეებს შორის აღარ იქნება” – წერს სუხიტაშვილი.
23 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების ბიურომ ხატიაშვილების ოჯახი გაასახლა. ბინის ყოფილი მესაკუთრის, მარინა ხატიაშვილის თქმით, საქართველოს ბანკიდან 20 000 დოლარი 2008 წელს ისესხა, თუმცა 2013 წელს ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა. მისი ცნობით, 2013 წლის დეკემბრის ბოლოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ბანკის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და მარინა ხატიაშვილს დაუყოვნებლივ დაეკისრა ბანკისთვის 21 000 დოლარის გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი კუთვნილი ბინა, რომელიც იპოთეკით იყო დატვირთული, აუქციონზე გაიყიდებოდა. რადიო თავისუფლებასთან ხატიაშვილი ამბობს, რომ 2014 წლის დასაწყისში საქართველოს ბანკის იურისტი დაუკავშირდა და კერძო კრედიტორებთან დაკავშირება ურჩია. მარინა ხატიაშვილის თქმით, 2016 წლამდე აფორმებდა კერძო კრედიტორებთან ექვსთვიან ხელშეკრულებებს.
“ამჯერად უკვე მევახშეებთან დაიტვირთა ჩემი სახლი იპოთეკით. საბოლოოდ, მევახშეების ვალი, რომელთანაც ყოველ ექვს თვეში ახალ-ახალ ხელშეკრულებებს ვდებდი, 27 000 დოლარიდან 50 000 დოლარამდე გაიზარდა“ – ეუბნება ხატიაშვილი რადიო თავისუფლებას.
მისი მტკიცებით, ბოლო კრედიტორებს შორის იყო დარეჯან დვალიც, რომელმაც მას შემდეგ, რაც სესხის გადაუხდელობის გამო უძრავი ქონება აუქციონზე გავიდა, ბინა თავად იყიდა.
გამოსახლების პარალელურად, კეკელიძის ქუჩაზე მოქალაქეები შეიკრიბნენ და აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ. ადგილზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იყო. შსს-ს ცნობით, 20 პირი დააკავეს, 18 ადმინისტრაციული წესით, 2 კი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს.