„აზერბაიჯანის მოსახლეობის გაორმაგება რეგიონში საქართველოს კონკურენტუნარიანობას ამცირებს“ – ლევან კობერიძე

„აზერბაიჯანის მოსახლეობის გაორმაგება რეგიონში საქართველოს კონკურენტუნარიანობას ამცირებს“ – ამის შესახებ ბიზნესკონსულტანტმა ლევან კობერიძემ „კომერსანტთან“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ ყურადღება უნდა მიაქციოს აღნიშნული პარამეტრის ცვლილებას, რადგან ეს ეკონომიკურ პროცესებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
„მოსახლეობის რაოდენობა ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომელიც მიბმულია მსყიდველუნარიანობასთან. შესაბამისად, როდესაც აზერბაიჯანის მოსახლეობამ უკვე 10 მლნ-ს გადააჭარბა, ეს მას ბევრი ინვესტორისთვის, საქართველოსთან შედარებით, უფრო საინტერესოს ხდის.
ამ მხრივ რეგიონში, აზერბაიჯანი უფრო მიმზიდველი ხდება. აღსანიშნავია ის, რომ აზერბაიჯანის მოსახლეობა საკმაოდ სწრაფად გაიზარდა. საბჭოთა პერიოდთან შედარებით, როდესაც მისი მოსახლეობის რიცხვში მეტ-ნაკლებად არ შეიმჩნეოდა მკვეთრი ცვლილება, ეს მაჩვენებელი 30 წელიწადში, ფაქტობრივად, გაორმაგდა.
ამიტომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პარამეტრია, რომელსაც საქართველომ ყურადღება უნდა მიაქციოს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენგან მიგრანტების რიცხვი საკმაოდ დიდია. შეიმჩნევა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მიგრაცია, სამუშაოდ და საცხოვრებლად, რაც ნაკლებად კონკურენტუნარიანს ხდის საქართველოს
აქ ძირითადად საუბარია საშუალო და დაბალი საფასო სეგმენტის პროდუქციაზე, რადგან ეს კატეგორიებია მასობრივად გაყიდვადი. ამიტომ ბიზნესის წარმოებისას, ისეთი კომპანიები, რომლებიც ამ კატეგორიის პროდუქციის რეალიზებას ახდენენ, რა თქმა უნდა, გაითვალისწინებენ მოსახლეობის რაოდენობას ანუ ბაზრის ზომას. “ – აღნიშნა ლევან კობერიძემ.
როგორც მან განმარტა, საქართველოს რეგიონის ქვეყნებთან მიმართებით გარკვეული უპირატესობები აქვს, როგორიცაა გახსნილი ბიზნესგარემო და ნაკლები ბიუროკრატია, თუმცა ოლიგოპოლია ამ უპირატესობების მნიშვნელობასაც ამცირებს.
„რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს თავისი უპირატესობები, რაც არის უფრო გახსნილი ეკონომიკური გარემო და ნაკლები ბიუროკრატია, თუმცა უკვე შესამჩნევია გარკვეული ოლიგოპოლიები, რაც საქართველოს აზერბაიჯანთან მიმართებით, თავის როლს უმცირებს“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.
ცნობისთვის, Countrymeters-ის მონაცემებით, აზერბაიჯანის მოსახლეობამ 10 მილიონს გადააჭარბა. უფრო ზუსტად, მოსახლეობის რაოდენობა 10 665 876 ადამიანს შეადგენს. წლიური ზრდა 1.39%-ია.
ასევე Countrymeters-ის შეფასებით, 2023 წლის ბოლოს საქართველოს მოსახლეობა 3 802 553 ადამიანს შეადგენდა. 2023 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 46 730 ადამიანით შემცირდა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოსახლეობა წლის დასაწყისში 3 849 283 იყო, წლიური ზრდის ტემპმა -1,21% შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ