ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებულ უცხოელებზე, საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა რამდენიმე პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში გაიცემა.
კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რეგისტრირებულ, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულ შრომით იმიგრანტზე;
უცხოელზე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად და ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობას ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და ზემოთ აღნიშნული სამი საფუძვლით გაცემული ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე.
სახელმწიფო სერვისების სამსახურის ინფორმაციით, IT სფეროში დასაქმებულ უცხოელს საქართველოში დროებითი ბინადრობის აღება 90 კალენდარულ დღეში 500 ლარი დაუჯდება, ხოლო მე-60 კალენდარულ დღეს 750 ლარი.
რაც შეეხება, იმ აუცილებელ დოკუმენტაციას, რომელიც უცხოელმა უნდა წარადგინოს, ჩამონათვალი ასეთია:
დადგენილი ფორმის განცხადება, რომელშიც სხვა მონაცემებთან ერთად უნდა მიეთითოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციისას მინიჭებული უნიკალური კოდი;
უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დასაქმების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკაციის (ISCO-08) 25-ე კოდითა და იმავე კოდის შესაბამისი ქვეკოდებით გათვალისწინებულ რომელიმე საქმიანობით განსაზღვრული ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ჯამში არანაკლებ 2 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში მის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული ანაზღაურების ოდენობა წლიურად 25 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტზე ნაკლები არ არის. წარმოდგენილი დოკუმენტებით უნდა დასტურდებოდეს ანაზღაურების მიღება ბოლო 1 წლის განმავლობაში არანაკლებ ორჯერ, სულ მცირე, 30-დღიანი ინტერვალით;
ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით;
მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
გარდა ფიზიკური პირისა, შეღავათებით სარგებლობენ კომპანიებიც. კერძოდ, საქართველოს მთავრობამ 2020 წლიდან გარკვეული დარგის, მათ შორის IT კომპანიებისთვის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი 5%-ით დაწია. უფრო კონკრეტულად, დადგენილების მიხედვით, საერთაშორისო სტატუსის მქონე IT-კომპანიები ქვეყანაში საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ და საშემოსავლო გადასახადს 20%-ის ნაცვლად 15%-ს იხდიან.




