ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ჩამოაგდებენ.
„ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ტირანები, როგორებიც არიან ფარაონი, ნიმროდი, რეზა შაჰი და მოჰამედ რეზა, თავიანთი ამპარტავნების პიკზე ჩამოაგდეს. მასაც ჩამოაგდებენ“, – განაცხადა ხამენეიმ სახელმწიფო ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებაში.
მისი თქმით, ისლამური რესპუბლიკა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე უკან არ დაიხევს.
„ყველამ უნდა იცოდეს, რომ ისლამური რესპუბლიკა ხელისუფლებაში ასობით ათასი პატიოსანი ადამიანის სისხლით მოვიდა და ის დივერსანტების წინაშე უკან არ დაიხევს“, – აღნიშნა აიათოლა ალი ხამენეიმ.
მისი თქმით, დემონსტრანტები აშშ-ის პრეზიდენტის საამებლად მოქმედებენ.
„უნდათ, მას ასიამოვნონ. მან რომ ქვეყნის მართვა იცოდეს, საკუთარ ქვეყანას მართავდა“, – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ და დასძინა, რომ შეერთებულ შტატებში ბევრი პრობლემაა.
„აშშ-ის პრეზიდენტის ხელები 1000-ზე მეტი ირანელის სისხლით არის შეღებილი“, – აღნიშნა ხამენეიმ.
მან მხარდამჭერებს ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
„ძვირფასო ახალგაზრდებო, შეინარჩუნეთ მზადყოფნა და ერთიანობა. გაერთიანებული ერი ნებისმიერ მტერს დაამარცხებს“, – აღნიშნა ხამენეიმ.
შეგახსენებთ, ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება. აქციები, დაახლოებით, ორი კვირის წინ ირანული ვალუტის გაუფასურების გამო გამოწვეული უკმაყოფილებით დაიწყო და ქვეყნის 31-ვე პროვინციის 100-ზე მეტ ქალაქსა და დაბაში გავრცელდა. აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი საინფორმაციო სააგენტო (HRANA) აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 34 მომიტინგე და უსაფრთხოების სამსახურის რვა დაცვის თანამშრომელი დაიღუპა, 2 270 მომიტინგე კი დააკავეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ისმის მომიტინგეების ხმა, რომლებიც ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გადაყენებას და გარდაცვლილი ყოფილი შაჰის გადასახლებული შვილის, რეზა ფეჰლევის დაბრუნებას მოითხოვენ.




