4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კონსტანტინე კოკაია პროკურორს – მარტო ეს ვიდეო რატომ მოიტანეთ? თვალი როგორ დამიზიანა პოლიციელმა, რატომ არ აჩვენებთ? ორთვენახევარი სათვალე არ მომიტანეს ციხეში, რაც არ გინდათ, იმას არ აჩვენებთ, არა?

უგულოები არიან, დაჯექი, შენ გული მაინც გაქვს, – ამ სიტყვებით 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა ალექსანდრე გოგოლაძემ ბრალდებულ კონსტანტინე კოკაიას მიმართა, რომელმაც მოსამართლეს ჰკითხა, იცის თუ არა, „რა არის 5 შუნტი”.
მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მას უპასუხა, რომ ეს “გარკვეული პრობლემაა გულთან დაკავშირებით”.
„და მეტი არაფერი?”,- მიმართა კვლავ კოკაიამ მოსამართლეს, რის შემდეგაც, მას ალექსანდრე გოგოლაძემ ასე უთხრა, რომ “უგულოები არიან, მას კი გული მაინც აქვს”.
მოსამართლემ კოკაიას დამშვიდებისკენ მოუწოდა, თუმცა მისი მხრიდან რეპლიკების გაგრძელების შემდეგ, მოსამართლე გელაშვილმა მას სასამართლოს შეურაცხყოფის გამო გაფრთხილება გამოუცხადა და უთხრა, რომ მსგავსი თუ განმეორდებოდა, სხდომათა დარბაზიდან გააძევებდა.
იქამდე კი, კოკაიამ მის წინააღმდეგ მოტანილი ვიდეომტკიცებულების შემდეგ პროკურორებს კითხვით მიმართა.
„მარტო ეს რატომ მოიტანეთ? ჩემი თვალის დაზიანებას რატომ არ აჩვენებთ? თვალი როგორ დამიზიანა პოლიციელმა, რამდენ სანტიმეტრზე შემასხა, რატომ არ აჩვენებთ? მაშინ მხედველობა დამაკლდა,იცით? ორთვენახევარი სათვალე არ მომიტანეს ციხეში. რაც არ გინდათ, იმას არ აჩვენებთ, არა?”,- განაცხადა კოკაიამ.
მოსამართლემ მას განუმარტა, რომ „ბრალდების მხარემ წარმოადგინა მტკიცებულება და ეს სხვა მტკიცებულებებთან ერთად უნდა შეფასდეს”.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
ია დარახველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.