ყვავილი რომ ისროლა, მე ვარ, – ამის შესახებ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა დათო ღურწკაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
სხდომაზე პროკურატურას თითოეული ბრალდებულის წინააღმდეგ ვიდეომასალა აქვს წარმოდგენილი. სწორედ აღნიშნულის გამოკვლევისას, სადაც ჩანს, რომ დავით ღურწკაია ყვავილს ისვრის, ბრალდებულმა თავად განაცხადა, რომ აღნიშნული პირი თვითონ იყო.
„ბრალში გიწერიათ, პოლიციელებზე იძალადაო. დადგენილი გაქვთ, რა ყვავილია?”,- მიმართა ბრალდებულის ადვოკატმა, შოთა კახიძემ პროკურორებს, რის შემდეგაც, პროკურორმა განმარტა, რომ “იგივე ფორმით ჩაცმული პიროვნება სხვა პირებთან ერთად სასახლის ეზოშია შესული”.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღურწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
ია დარახველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გიროას სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.




