ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი 4 ოქტომბერზე – ვასრულებდი ჩემს პროფესიულ მოვალეობას, ვფიქრობ, ორბელიანების სასახლის ეზოში შესვლით გარკვეული რაოდენობის ადამიანი გადავარჩინე – დღესაც იმავეს გავაკეთებდი

ვასრულებდი ჩემს პროფესიულ მოვალეობას. ვფიქრობ, რომ ჩემი იქ შესვლით გარკვეული რაოდენობის ადამიანი გადავარჩინე,- ამის შესახებ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულმა ექიმმა, გიორგი ჩახუნაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 4 ოქტომბრის მოვლენების დროს არ დაფიქრებულა, ისე გააკეთა ყველაფერი, თუმცა აცხადებს, რომ დღესაც იმავეს გააკეთებდა.
„კადრებში ჩანს, რომ მე სასახლის [პრეზიდენტის ადმინისტრაციის] ეზოში ვარ და ამას არც უარვყოფ. ვასრულებდი ჩემს პროფესიულ მოვალეობას. ვფიქრობ, რომ ჩემი იქ შესვლით გარკვეული რაოდენობის ადამიანი გადავარჩინე. დღესაც იმავეს გავაკეთებდი, მაშინ არ დავფიქრებულვარ, ისე გავაკეთე ყველაფერი.
დიახ, კადრებში ჩანს, რომ ხელს ვიქნევ, ეს და სხვა ყველა მოქმედება – სამედიცინო მოქმედება იყო. ყველაფერი, რაც მე გავაკეთე სასიკეთოდ იყო გაკეთებული. იქ ჩხუბი და დავიდარაბა არ ყოფილა“,- განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გიორგი ჩახუნაშვილის მიმართ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მასთან ერთად ბრალდებულები არიან – გოჩა ყატაშვილის, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტის, კახაბერ მჟავანაძის, ალექსანდრე გოგოლაძის, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილის, ზაქრო ალბუთაშვილის, გენადი კელიხაშვილის, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძის, ჯანდრი თირქია და ია დარახველიძე.