უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მე-18 შეხვედრაზე კიევის მოკავშირეებმა სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელების, მათ შორის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდების, პირობა დადეს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, ილარიონ პავლიუკმა განაცხადა.
მისი თქმით, „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე უკრაინულმა მხარემ მოისმინა „საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადებები პარტნიორებისგან, საკმარისად მნიშვნელოვანი ვალდებულებები იმისთვის, რომ ვთქვათ, რომ უკრაინის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა გაგრძელდება“.
პავლიუკმა განმარტა, რომ უკრაინა პარტნიორებისგან მიიღებს იარაღს, რომელიც აუცილებელია მტრის ეფექტურად დასამარცხებლად. ამასთან, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, სხვა საკითხებთან ერთად, აღებული იქნა ვალდებულებები უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდების შესახებ. ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, რა სახის იარაღზეა საუბარი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 23 იანვარს, ონლაინ რეჟიმში გაიმართა და კიევის გრძელვადიან საჭიროებებზე იყო ორიენტირებული.